სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტი - ლანჩხუთის კლინიკაში უკრაინის მოქალაქე შეიყვანეს

უკრაინის მოქალაქე თავდაპირველად ლანჩხუთის საავადმყოფოში შეიყვანეს, ახლა კი მკურნალობას ბათუმის სპეციალიზებულ კლინიკაში გადის.
Sputnik
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. შავი ზღვის სანაპიროზე, სავარაუდოდ, უკრაინის მოქალაქე ახალგაზრდა ქალზე სექსუალურად იძალადეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2" ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ქალი ლანჩხუთის კლინიკაში შეიყვანეს. როგორც ექიმებმა განაცხადეს, მას ძალადობის კვალი სხეულზე, მუცლის არეში აღენიშნებოდა.
კლინიკაში ჯერ არ ადასტურებენ, იყო თუ არა ახალგაზრდა ქალი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ლანჩხუთის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ის ერთი დღით იყო მოთავსებული, ხოლო ამჟამად მკურნალობას ბათუმის ერთ-ერთ სპეციალიზებულ კლინიკაში აგრძელებს.
ამ დროისათვის ცნობილი არ არის, დაწყებულია თუ არა მომხდარზე გამოძიება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია შინაგან საქმეთა სამინისტროს.