ლიქოკელის მიერ დაჯაბნილი სამურაი: ხევსურთა განსაცვიფრებელი ბრძოლა იაპონელებთან

...ბოლოს იაპონელი სამურაი შებმია ხევსურს, მაგრამ ლიქოკელთან მიახლოება და ხმლის მოქნევა ვერც მოუსწრია, ისე აუკუწავს ლიქოკელს იგი.
Sputnik
მეოცე საუკუნის დასაწყისში, 1903 წელს რუსეთმა მანჯურია დაიპყრო. 1904 წლის 27 იანვარს კი იაპონური ფლოტი მოულოდნელად დაესხა თავს პორტ-არტურში მდგარ რუსულ სამხედრო ესკადრას და გაანადგურა.
პარალელურად იაპონელები კორეაშიც გადასხდნენ და იქიდანაც შეუტიეს მანჯურიაში მდგარ რუსულ გარნიზონებს, ხოლო მაისში უკვე კუნძულ სახალინზეც მიიტანეს იერიში.
მათ შესაჩერებლად რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ ციმბირელ კაზაკთა ორი პოლკი გადაისროლა სახალინზე. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და კუნძულზე საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა — გარდა ადგილობრივი მცირერიცხოვანი მოსახლეობისა, იარაღი სახალინზე გადასახლებულ კატორღელებსაც დაურიგეს და ბრძოლაში მონაწილეობის სანაცვლოდ თავისუფლება აღუთქვეს. მაგრამ ბევრმა კატორღელმა, როგორც კი ციხის გარეთ დაიგულა თავი, ბრძოლა მიატოვა და გაქცევით უშველა თავს.

ამასობაში იაპონელები პატარა სოფელ კორსაკოვს მიადგნენ, რომლის ცენტრშიც ციხე-სიმაგრე იყო აღმართული. ციხე-სიმაგრეს კი ხევსურებიც იცავდნენ — ყოფილი კატორღელები, რომლებიც სხვებივით კი არ გაიქცნენ ომიდან, პირიქით, დაიფიცეს, ბოლომდე ვიბრძოლებთო.
სოფლისთვის უშეღავათო ბრძოლაში წარმატებას იაპონელებმა მიაღწიეს და რუსმა სარდალმა სიდორენკომაც იარაღი დაყარა — ბრძოლის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა.

მაგრამ სხვაგვარად ფიქრობდნენ ციხე-სიმაგრეში გამაგრებული ხევსურები: ბეჟიტა ყარაული, აპარეკა ქიბიშაური, ხირჩლა ცისკარაული და დათვია ალუდაური. მართალია, ტყვია-წამალი უკვე გასთავებოდათ, მაგრამ ხმლები ხომ ჰქონდათ?! ჰოდა, ხელჩართული ბრძოლისთვის მოემზადნენ — ხმლებმომარჯვებულები დაელოდნენ მტერს.

რუსების კაპიტულაციის შემდეგ სიფრთხილედაკარგულ იაპონელთა ერთი რაზმი დაუზვერავად მიადგა ციხე-სიმაგრეს და ხევსურებიც მარჯვედ დაუხვდნენ — კაცი არ გაუშვიათ ცოცხალი იმ რაზმიდან. ამის მერე იაპონელებმა უფრო მრავალრიცხოვანი რაზმით შეუტიეს ციხეს.
იაპონელი პოლკოვნიკი ნაკამურა ხარაგუჩი ასე აღწერდა იმ უთანასწორო ბრძოლას:

ჩემი ჯარისკაცები მტრის მეომრებს წააწყდნენ და დაიწყო ბრძოლა. მე თავს პროფესიონალ მოფარიკავედ მივიჩნევ, მაგრამ ის ილეთები, რომლებსაც მტრის მებრძოლები იყენებდნენ, არასდროს მინახავს. იბრძოდნენ მშვიდად, ყურადღებით აკვირდებოდნენ ჩვენს მოძრაობებს და სასიკვდილო დარტყმის მოსაყენებლად ერთ შანსსაც არ უშვებდნენ. ნამდვილი მეომრები იყვნენ!

ახლა, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ შევხვდით როგორც მტრები და არა როგორც მეგობრები. მერეღა გავიგე, რომ ეს განსაცვიფრებელი მებრძოლები კავკასიიდან ყოფილან.

იმ ბრძოლაში სამი ხევსური დაიღუპა. სამივე სამხედრო პატივით დაკრძალეს იაპონელებმა კორსაკოვოში. ხოლო მძიმედ დაჭრილ ბეჟიტა ყურაულს უმკურნალეს, მერე კი ტყვედ ჩავარდნილ თავისიანში გაცვალეს.

თუმცა, ეს ყველაფერი არ იყო. სახალინისთვის ბრძოლაში კიდევ ერთმა კატორღელმა ხევსურმა, გვარად ლიქოკელმა ისახელა თავი. მაშინდელი რუსული პრესის მასალებიდან ირკვევა, რომ ლიქოკელი პრისტავის მოკვლისთვის დაუტუსაღებიათ და სახალინზე კატორღაში უკვრიათ თავი. მერე კი, როცა იაპონელებს სახალინისთვის შეუტევიათ, მისთვისაც სხვების მსგავსად მიუციათ იარაღი და ბრძოლაში ჩაუბამთ.
ერთ-ერთი იერიშისას მასაც გასთავებია ტყვია-წამალი და იაპონელებს ერთ მიტოვებულ შენობაში ჩასაფრებია. მედგრად დახვედრია მომხდურს, მარჯვედ უქნევია ხმალი და მარტოს გაუნადგურებია ლამის მთელი ოცეული.
ბოლოს რაზმის მეთაური, სამურაელთა კასტის წარმომადგენელი შებმია ხევსურს, რათა თანამემამულეების პრესტიჟი ეხსნა. მაგრამ ლიქოკელთან მიახლოება და ხმლის მოქნევა ვერც მოუსწრია, ისე აუკუწავს ლიქოკელს იაპონელი სამურაი. ბოლოს, სათითაოდ რომ ვერ გასწორებიან, ერთად მისევიან დაჭრილ-დასახიჩრებულ ხევსურს იაპონელები და...
თავი შეირცხვინეს ამჯერად მტრის ვაჟკაცობის პატივისმცემელმა იაპონელებმა. ჯერ იყო და ზურგიდან დაახალეს ტყვია ხევსურს, მერე კი ტყვედ ჩავარდნილი დახვრიტეს.
მაგრამ ისტორიას მაინც შემორჩა ამბავი კატორღელი ხევსურისა, რომელმაც იაპონელი სამურაი დაჯაბნა!