თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. გურჯაანში 15 ოქტომბერს რიგით მეოთხე ღვინის ფესტივალი Gurjaani Wine Festival 2022 გაიმართება, რომელიც ამჯერად მხატვარ ნიკო ფოროსმანს ეძღვნება.
ფესტივალის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა როგორც უცხოელი, ასევე ქართველი საზოგადოებისთვის. წელს გურჯაანის ფესტივალი 30.000-ზე მეტ შიდა თუ საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლებს.
ფესტივალი 300-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭას და სხვა სასმელს გააერთიანებს, რომელსაც სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე დაამშვენებს – მოწვეული შეფებითა და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძებით.
„ფესტივალი იქნება თავშესაქცევი, მათრობელა და სასიამოვნო მუსიკით შთაგონებული, შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს საინტერესოდ გაატაროს დრო მეგობრებისა თუ ოჯახის თანხლებით“, – გვპირდებიან ორგანიზატორები.
ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა (მეღვინეები, მეწარმეები, შეფ-მზარეულები, კონდიტერები, რესტავრატორები და ა.შ.) უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.