რუსეთმა ავღანეთიდან საქონლის იმპორტზე ბაჟი გააუქმა

Sputnik
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. რუსეთის მთავრობამ ავღანეთიდან საქონლის იმპორტზე ბაჟი გააუქმა, რუსული მხარე ასევე მზად არის დააკმაყოფილოს ავღანური მხარის მოთხოვნები მარცვლეულისა და ნავთობპროდუქტების მიმართულებით, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთში ზამირ ქაბულოვმა.
25-26 ივლისს ტაშკენტში საერთაშორისო კონფერენცია „ავღანეთი: უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება“ იმართება. მის მუშაობაში 100-მდე უცხოური დელეგაცია მონაწილეობს.

„როგორც საინიციატივო ნაბიჯი, რუსეთის მთავრობამ გააუქმა საბაჟო გადასახადები ავღანეთიდან იმპორტზე. გარდა ამისა, ჩვენ უკვე მივიღეთ ავღანეთის ვაჭრობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სია იმ საქონლის შესახებ, რომლითაც ავღანეთი პირველ რიგში ინტერესდება“, — განაცხადა ქაბულოვმა კონფერენციაზე.

მისი თქმით, რუსული მხარე სრულად არის მზად „მოლაპარაკებებისა და ავღანეთის მთავრობის თხოვნის დასაკმაყოფილებლად“.
„ეს შეეხება როგორც მარცვლეულს, ისე სხვადასხვა ნავთობპროდუქტებს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას რეგიონულ პარტნიორებთან ერთად", — განაცხადა ქაბულოვმა.
გასული წლის აგვისტოს დასაწყისში თალიბებმა ავღანეთის სამთავრობო ძალებს შეუტიეს და 15 აგვისტოს ქაბულში შევიდნენ. 31 აგვისტოს ღამით ამერიკელმა სამხედროებმა სრულად დატოვეს ქაბულის აეროპორტი, რითაც დასრულდა აშშ-ის ავღანეთში თითქმის ოცწლიანი ყოფნა. სექტემბრის დასაწყისში ავღანეთის დროებითი მთავრობის შემადგენლობა გამოცხადდა, რომელსაც მოჰამად ჰასან ახუნდი ხელმძღვანელობდა. ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო „თალიბანის“ პირველი მმართველობის დროს. „თალიბანი“ 2001 წლიდან გაეროს სანქციების ქვეშ იმყოფება.
წყარო: „რია ნოვოსტი“