მსოფლიო დღეს

„თამბაქოს ენდშპილი“: პარლამენტმა სიგარეტზე უანალოგო აკრძალვები მოიწონა

Sputnik
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ახალი ზელანდიის პარლამენტმა პირველი მოსმენით მოიწონა „თამბაქოს ენდშპილად“ შეფასებული კანონპროექტების ახალი პაკეტი, რომელიც მომავალი თაობის თამბაქოს გარეშე აღზრდას ითვალისწინებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ზელანდიურ თამბაქოს საწინააღმდეგო ახალ კანონებს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია და, შესაძლოა, ყველაზე მკაცრ კანონებად იქცეს პლანეტაზე.
თამბაქოს საწინააღმდეგო კანონების პაკეტი 2023 წლიდან ამოქმედდება.
მიუხედავად ინიციატივის ექსპერიმენტული ხასიათისა, დეპუტატები წარმატებაში დარწმუნებული არიან და იმედი აქვთ, რომ ახალი თაობა უფრო ჯანმრთელი გაიზრდება.
პარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური გადაწყვეტილება — სიგარეტის შეძენაზე მოქნილი ასაკობრივი ცენზის დაწესებაა. აკრძალვა ვრცელდება ახალი ზელანდიის 14 წლამდე ასაკის ყველა მოქალაქეზე. ამასთან ზღვარი მათთან ერთად „გაიზრდება“, რასაც თეორიულად შედეგად ის მოჰყვება, რომ ეს ადამიანები ცხოვრებაში ვერასდროს შეძლებენ სიგარეტის ყიდვას.
გარდა ამისა, მწარმოებლებს თამბაქოს ნაწარმში ნიკოტინის რაოდენობის შემცირებას დაავალდებულებენ, სუპერმარკეტებში კი მათი გაყიდვა აიკრძალება. თამბაქოს შეძენა მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიებში იქნება შესაძლებელი.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შეზღუდვები მხოლოდ თამბაქოს შემცველ პროდუქტებს ეხება — ვეიპებზე აკრძალვები არ ვრცელდება.
კანონპროექტის ავტორების თქმით, ქვეყანაში თამბაქოს მოწევის შეზღუდვის საკითხი დიდი ხანია დგას, თუმცა აქამდე „სენდვიჩების გაყიდვა უფრო მკაცრად რეგულირდებოდა, ვიდრე სიგარეტისა“. ამიტომ თამბაქოს კომპანიები ძალიან დიდი ხანი გრძნობდნენ თავს თავისუფლად ქვეყნის ბაზარზე.
კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მოიწონა და თითქმის ერთსულოვანი მხარდაჭერა მიიღო. თუმცა ოპოზიციურ ძალებში ეჭვი ეპარებათ, რომ ინიციატივა წარმატებით განხორციელდება. მათი თქმით, ის ფაქტი, რომ ახალ კანონებს ანალოგი არ აქვთ მსოფლიოში, გარკვეულ შიშებს იწვევს.
წყარო: The Conversation