თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ეპიდემიოლოგიისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (National Centre for Epidemiology and Population Health) კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმადაც ელექტრონული სიგარეტი ისეთივე მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, როგორც თამბაქოს სხვა ნაწარმი. ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
როგორც კვლევის შედეგებშია აღნიშნული, ელექტრონული სიგარეტის მოხმარება ზრდის ფილტვის დაზიანების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს და სხვა დაავადებების რისკს.
„ელექტრონული სიგარეტის გამოყენება იწვევს დამოკიდებულებას, განსაკუთრებით კი მოზარდებში. ხშირ შემთხვევაში თამბაქოს ახალი პროდუქტის მომხმარებელი პარალელურად ეწევა სიგარეტსაც, რაც ორმაგ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელი სამჯერ უფრო მეტს ეწევა, ვიდრე ტრადიციული თამბაქოს მომხმარებელი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ საკუთარ და ირგვლივ მყოფთა ჯანმრთელობას, უარი თქვან თამბაქოს ნებისმიერ ნაწარმზე.