რუსეთს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას შეუძლია მეგობარი ქვეყნების სადაზვერვო მონაცემებისა და იარაღის სარკისებურად გამოყენება, ფიქრობს Sputnik-ის მიმომხილველი ალექსანდრ ხროლენკო.
უკრაინაში ამერიკული შეიარაღების განადგურება ირანული დამრტყმელი უპილოტო აპარატებით ტექნოლოგიურად შესაძლებელია, ტაქტიკურად მიზანშეწონილია და გეოპოლიტიკურად დახვეწილია.
რუსეთისთვის ირანული დრონების გადაცემის შესახებ ინფორმაცია გუშინ რამდენიმე მედიამ გაავრცელა და კონკრეტული მოდიფიკაცია – Shahed-129, ტრანსპორტირების მარშრუტი - კასპიის ზღვიდან ასტრახანისა და ვოლგოგრადის გავლით - მიუთითა. დრონების მიწოდების მეორე ვერსია საჰაერო გზაა: ირანული ავიაკომპანიის - Qeshm Fars Air-ის - Boeing 747-300 საჰაერო ხომალდმა 24 ივლისს მოსკოვში მორიგი რეისი შეასრულა.
ამასწინათ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ რუსეთის წარმომადგენლები ივნისში ორჯერ ეწვივნენ ირანში ქაშანის აეროპორტს, რათა შეესწავლათ დამრტყმელი უპილოტო აპარატები Shahed-191 დაShahed-129. ეს მეტყველებს დრონების შეძენით მათ დაინტერესებაზე. აშშ-ის დაზვერვამ განაცხადა, რომ ირანს შეუძლია რუსეთს „ასობით“ დრონი გადასცეს.
კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს და მაინც, რუსეთის პრეზიდენტს არ განუხილავს ირანის ხელისუფლებასთან უპილოტო აპარატების მიწოდების საკითხი 19 ივლისს თეირანში ვიზიტის დროს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ნასერ ქანაანმა ჟურნალისტების კითხვებს დრონებთან დაკავშირებით უპასუხა, რომ ირანსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა ჯერ კიდევ სპეცოპერაციის დაწყებამდე მიმდინარეობდა და ბოლო დროს კონკრეტული არაფერი მომხდარა.
ირანის სახმელეთო ძალების სარდალმა, გენერალმა კიომარს ჰეიდარმა 22 ივლისს აღნიშნა, რომ თეირანი მზადაა უპილოტო აპარატების მეგობარ ქვეყნებში ექსპორტისთვის.
ამგვარად, მოსკოვსა და თეირანს ინფორმაცია დრონების მიწოდების შესახებ არც დაუდასტურებიათ და არც უარუყვიათ. შექმნილ ვითარებაში ირანი და რუსეთი არ არიან ვალდებული, თავი იმართლონ.
ირანული „შაჰიდების“ თავისებურებები
მიუხედავად ორმოცწლიანი სანქციებისა და დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგობისა, ირანმა შექმნა მძლავრი თავდაცვითი მრეწველობა, მაღალტექნოლოგიური საავიაციო წარმოება და მიაღწია შესამჩნევ წარმატებას უპილოტო ავიაციის სფეროში.
ირანულმა მზვერავმა დრონებმა და კამიკაძე-დრონებმა ათასობით საბრძოლო ფრენა შეასრულეს სირიასა და ერაყში. ირანული უპილოტოების რვა ძირითადი „ოჯახი“ იპყრობს აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ბაზრებს. ზოგიერთმა ქვეყანამ შეიძინა მზა ტექნიკა და მისი წარმოების ლიცენზია: ტაჯიკეთი აწყობს Ababil-4-ს, ვენესუელა - Mohajer-6-ს.
გამოცემა Military Watch Magazine აღნიშნავს: „ირანული უპილოტო უხილავი აპარატები მალე უკრაინისთვის ძალიან ცუდი ახალი ამბავი შეიძლება გახდეს“. დასავლეთში ფიქრობენ, რომ რუსეთი ფსონს დადებს მძიმე დამრტყმელ დრონზე Shahed-129-ზე, რომელიც აწყობილია თითქოსდა ისრაელის აპარატის Hermes 450-ისა და ამერიკული MQ-1 Predator-ის ტექნოლოგიით.
როგორც არ უნდა იყოს, ირანული Shahed-129 იწარმოება სერიულად თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში, 2019 წელს კი მის ბაზაზე შეიქმნა დამრტყმელი უპილოტო აპარატი Simorgh, რომელსაც შეუძლია ერთდროულად ოთი სამიზნის განადგურება მაღალი სიზუსტის ინტელექტუალური ბომბებით შორ მანძილზე.
Shahed-129-ის ფიუზელაჟის სიგრძეა 8 მეტრი, ფრთების სიგანე - 16 მეტრი. საბრძოლო ტვირთის წონა - 400 კგ-მდე. მაქსიმალური სიჩქარე - 150 კმ/სთ. ფრენის ხანგრძლივობა - 24 სთ. საბრძოლო რადიუსი - 1700 კმ-მდე. შეიარაღება - ოთხი მართული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა Sadid-1 ან მაღალი სიზუსტის ბომბები Sadid-345.
ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები საშუალებას აძლევს, ეფექტურად გადაჭრას დაზვერვისა და თავდასხმის ამოცანების ფართო წრე უკრაინაში, სადაც ადრე აქტიურად მოქმედებდნენ რუსული უპილოტო აპარატები „ინოხოდეცი“ და თურქული დრონები Bayraktar-TB2.
რუსული „ინოხოდეცი“ (იგივე „ორიონი“) კონკურენციას უწევს საუკეთესო მსოფლიო ნიმუშებს, არსენალში აქვს რაკეტები „ჰაერი-მიწა“ და „ჰაერი-ჰაერი“. თუმცა წელიწადში იწარმოება ათობით ასეთი აპარატი. და თუ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს დღესვე საჭიროა ასობით აპარატი? ბრძოლებში უპილოტოების სასიცოცხლო ციკლი რამდენიმე კვირაა.
დასავლეთის ქვეყნები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ათობით დასახელების შეიარაღებას აწვდიან. რუსეთს შეუძლია უკრაინაში სარკისებური ეფექტით გამოიყენოს მეგობარ ქვეყნებში დამზადებული ეფექტური სისტემები და კომპლექსები.
ნათელია, რომ დამრტყმელი უპილოტო აპარატების მასობრივი გამოყენება გაზრდის რუსული ჯარის შემტევ პოტენციალს.
ტექნოლოგიურად შესაძლებელია, ტაქტიკურად მიზანშეწონილია, გეოპოლიტიკურად დახვეწილია წკიპურტი აშშ-ისა და ნატოსთვის მრავალპოლარული სამყაროსგან.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე