ეს არის ცირკი: სამხარაძემ ოპოზიციის ინიციატივა შეაფასა

Sputnik
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. რამდენიმე ოპოზიციური პარტია, რომელთა ჯამური რაოდენობაც პარლამენტში მთელი შემადგენლობის ერთ მესამედს ვერ აღწევს, ისე იწყებს სამუშაო პროცესს კანონების მისაღებად, რომ კონსულტაციები არ აქვს დანარჩენ ხუთ პარტიასთან - ეს არის ცირკი, განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
სამხარაძის განცახდებით სამი ოპოზიციური პარტია, რომლებმაც „2020 წლის არჩევნების შემდეგ ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს და 6 თვის განმავლობაში არ შედიოდნენ სხდომებზე“, ცდილობს, პარლამენტში მიმდინარე პროცესის საბოტაჟი მოახდინოს.
„ამ სამ პარტიას არ სურს, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ისინი ყველანაირად უშლიან ხელს ამას. პარლამენტში გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება მინიმუმ 76 ხმა. რა სასწაულებრივი შედეგებიც უნდა დადოს სამუშაო ჯგუფმა, ამდენი ხმა მათ არ უგროვდებათ. შესაბამისად, თუ რაიმე შედეგის მიღწევა სურთ, ეს შედეგი მიიღწევა დანარჩენ ხუთ პარტიასთან თანამშრომლობით“, - განაცხადა სამხარაძემ.
მმართველმა პარტიამ ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად საკუთარი სამოქმედო გეგმა 1 ივლისს წარმოადგინა. ამ ეტაპზე იგეგმება შესაბამის კანონპროექტებზე მუშაობა საპარლამენტო კომისიებში. ამ ფორმატში მუშაობაზე უარს აცხადებენ ოპოზიციური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო საქართველოსთვის“.
ევროკომისია საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადებას თავდაპირველად 2022 წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა 13 ივლისს ევროკომისიის წარმომადგენელმა მიხაილ რუპმა განაცხადა, რომ ქვეყანას მეტი დრო მიეცემა. მისი თქმით, ევროკომისიამ გადაწყვიტა, არ ააჩქაროს ქართული პოლიტიკური ელიტა ძალისხმევაში დეპოლარიზაციის მიმართულებით, რათა მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და რეფორმებზე მუშაობა დაიწყონ.
ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად, პარლამენტში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. დღეს, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საკანონმდებლო ორგანოში სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართება, განიხილავენ „ქართული ოცნებისა“ და „მოქალაქეების“ მიერ მომზადებულ ორ დოკუმენტს. შეხვედრაში, საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, „გირჩის“, „მოქალაქეების“, „საქართველოსთვის“ და „ევროპელი სოციალისტების“ წევრები მიიღებენ მონაწილეობას.