თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორად ალექსანდრე ონოფრიშვილი დაინიშნა.
„საქართველოს კურორტების განვითარება დამატებით სტიმულს მისცემს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო ტურისტის როგორც რაოდენობრივ, ისე ხარისხობრივ ზრდას, რაც აქტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და, რა თქმა უნდა, ტურიზმის სფეროში დასაქმებული მოქალაქეების შემოსავლებზე“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.
მისი თქმით, დღეს ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს ტურიზმის სექტორის აღდგენა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ძალიან დაზარალდა.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე, ალექსანდრე ონოფრიშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ და საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნია კურორტების მართვის მიმართულებით. სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის გამგეობის წევრი, ტურიზმის დეპარტამენტის გიდების გადამზადების კოორდინატორი, საქართველოს მთასვლელთა ფედერაციის ქვეყნის შიდა და გარე სამთო ექსპედიციების ხელმძღვანელი, საქართველოს Ski mountaineering-ის ფედერაციის პრეზიდენტი.
უწყების ცნობით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს უცხოელი მოგზაურების მოცულობის ზრდა, რასაც თან მოჰყვება შემოსავლების ზრდა.
თავის მხრივ, დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია კურორტების განვითარება, რომელიც აქტიურად იზიდავს ტურისტს. ქვეყანაში 300-მდე კურორტი და საკურორტო ადგილია, შესაბამისად, კურორტების განვითარებაზე ზრუნვა და ქვეყნის საკურორტო პოტენციალის სრულად ათვისება, საქართველოსთვის არის ეკონომიკის დამატებითი სტიმულაციის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა.
კურორტების განვითარების სააგენტომ, რომელიც ქვეყნის ტურისტული მიმართულების განვითარებაზეა პასუხისმგებელი, 2022 წლის 15 ივლისიდან ამოქმედდა. სააგენტოს მთავარი ამოცანააბალნეოლოგიურიდა მთის კურორტების, ასევე ახალი კურორტების განვითარების ხელშეწყობა.