გაეროს გენასამბლეის თავმჯდომარე საქართველოს ეწვია

აბდულა შაჰილი საქართველოს პირველ პირებთან შეხვედრებს მართავს
Sputnik
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი, მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა შაჰიდი.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოსა და ორგანიზაციის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
ყურადღება ასევე დაეთმო მშვიდობისა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვის, მდგრადი განვითარებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებს.
აბდულა შაჰიდმა შეხვედრები უკვე გამართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.
შაჰიდი ეწვევა იუსტიციის სახლს, სადაც გაეცნობა სახელმწიფო სერვისების მიწოდების მოქმედ მოდელს და რეფორმებს, რომელსაც საქართველო ახორციელებს „ღია მთავრობის პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში და რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.
შაჰიდი ასევე ეწვევა საქართველოში გაეროს წარმომადგენლობას, სადაც გაიმართება გაეროს პროგრამაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა.
ვიზიტის ფარგლებში შაჰიდი ეწვევა კახეთს და გაეცნობა რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს.