თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „ნაპოლიში“ თამაშობს, თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელს, ინგლისის „ლივერპულის“ ვარსკვლავს, ეგვიპტელ მოჰამედ სალაჰს შეადარა.
ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლში 5 ივლისს გაემგზავრა და ერთ-ერთ გამორჩეულ იტალიურ საფეხბურთო კლუბს შეუერთდა. კვარაცხელიამ პირველი ვარჯიში 7 ივლისს ჩაატარა, ხოლო 15 ივლისს „ნაპოლიში“ ხვიჩას წარმატებული დებიუტიც შედგა - სამოყვარულო კლუბ „ანაუნესთან" კვარაცხელია ორი გოლითა და ერთი ასისტით გამოირჩა.
„ნაპოლის“ შეტევაში ჰყავთ ქართველი (კვარაცხელია), რომელიც მოძრაობებით სალაჰის კარიერის დასაწყისს მაგონებს“, – განაცხადა კაპელომ.
Corriere dello Sport-თან ინტერვიუში ფაბიო კაპელომ ისაუბრა „ნაპოლიზე“ და გუნდის სატრანსფერო პერსპექტივები შეაფასა.
მისი თქმით, კლუბის მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა ამს შემდეგ, რაც კალიდუ კულიბალი, რომელიც თავდაცვის სოლიდურობას უზრუნველყოფდა, ინგლისის „ჩელსიში“ გადავიდა. მაგრამ მწვრთნელმა პერსპექტიული ტრანსფერებით სირთულეები გადალახა.
საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელმა აპრილში „ნაპოლისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხვიჩა კვარაცხელია მესამე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ, რომელიც იტალიის სერია A-ში ასპარეზობს.