თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. საქართველოში არსებული ამანათების გადამზიდავმა კომპანიებმა ფინანსთა სამინისტროს თხოვნით მიმართეს, რათა ოფისების განტვირთვის მიზნით ამანათების საფასურის გადახდის პროცედურის გამარტივება მოხდეს.
14 მაისიდან მოქალაქეებს საფოსტო გზავნილის ღირებულების მიხედვით ამანათის მიღებამდე მომსახურების საფასურის გადახდა უწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამანათს ვერ მიიღებენ. ამან მიმღებ პუნქტებზე დიდი რიგები გამოიწვია.
„ფინანსთა მინისტრისგან იქნებ მივიღოთ რაიმე სქემა, რომ გამარტივდეს ეს პროცედურა, რათა ჩვენს მომხმარებლებსაც არ შეექმნათ სირთულეები ამ კუთხით და დროულად მიიღონ თავიანთი გზავნილები. მაგალითად, გადასახადის გადასახდელად 30 დღის ვადა დააწესონ და ჩვენ ნუ დაგვაკისრებენ გადასახადის აკრეფაზე კონტროლს“, - განაცხადა UPS-ისა და UPS SCS-ის საქართველოს წარმომადგენლობის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ქოპილაშვილი.
კომპანია FedEX-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ნინო მენთეშაშვილი იგივე აზრს იზიარებს.
„ვითხოვთ, რომ გადასახადის გადახდა არ იყოს მიბმული გზავნილის ჩაბარების პერიოდზე. მოქალაქემ გადაიხადოს გადასახადი მას შემდეგ, რაც ჩაბარდება გზავნილი. ეს არის პრობლემის მოგვარების ძალიან მარტივი გზა, ისე რომ არ დავაზიანოთ ბიუჯეტი და არ იყოს შეფერხებული გადასახადების ამოღება“, - განაცხადა მენთეშაშვილმა.
გადასახადი ამანათის ღირებულებაზეა დამოკიდებული და 300-დან 3 ათას ლარამდე ღირებულებაზე 20 ლარს შეადგენს, ხოლო 3-დან 10 ათას ლარამდე ღირებულების - 100 ლარს. 300 ლარამდე ღირებულების ამანათებზე არ გადასახადი არ ვრცელდება.