თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. მთავრობამ გააფართოვა რუსეთის არამეგობარი სახელმწიფოების სია, რომელთა მიმართ საწინააღმდეგო ზომები ტარდება, იუწყება РИА Новости მინისტრთა კაბინეტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
სიას დაემატა რამდენიმე ქვეყანა – საბერძნეთი, დანია, სლოვენია, ხორვატია და სლოვაკეთი.
დოკუმენტში მითითებულია თანამშრომლების რაოდენობა, თუ რამდენი ადამიანის მიღება შეუძლიათ სამუშაოზე სახელმწიფოების საელჩოებსა და საკონსულოებს რუსეთში.
კერძოდ, საბერძნეთისთვის ლიმიტი განისაზღვრა 34 ადამიანით, დანიისთვის – 20, სლოვაკეთისთვის – 16. ხოლო სლოვენია და ხორვატია ვეღარ დაიქირავებენ ადგილობრივ პერსონალს თავიანთ დიპლომატიურ მისიებსა და საკონსულო დაწესებულებებში.
„მთავრობის მიერ დამტკიცებული ჩამონათვალი არ არის საბოლოო და შეიძლება გაიზარდოს უცხოეთის სახელმწიფოების მტრული ქმედებების გათვალისწინებით, რომლებიც მიმართულია რუსული წარმომადგენლობების წინააღმდეგ საზღვარგარეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
გასული წლის მაისში მსგავსი შეზღუდვები დაწესდა აშშ-ისა და ჩეხეთის სიპლომატიური მისიების მიმართ.
ეს ზომები გათვალისწინებულია რუსეთის პრეზიდენტის 2021 წლის 23 აპრილის ბრძანებით.
გარდა ამისა, 2022 წლის მარტში მთავრობამ იმ სახელმწიფოებისა და ტერიტორიების ჩამონათვალი დაამტკიცა, რომლებმაც რუსეთის მიმართ არამეგობრული ქმედებები ჩაიდინეს.
აღნიშნულ ჩამონათვალში სულ 48 სახელმწიფოა შესული. ესენია: ავსტრალია, ალბანეთი, ანდორა, დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, კანადა, ლიხტენშტეინი, მიკრონეზია, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, სამხრეთ კორეა, სან-მარინო, ჩრდილოეთი მაკედონია, სინგაპური, აშშ, ტაივანი, უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია, იაპონია და ევროკავშირის ყველა ქვეყანა.