თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. გერმანელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს ბიომარკერი, რომელიც სისხლში ალცჰეიმერის პირველი კლინიკური სიმპტომების დაწყებამდე დაახლოებით 17 წლით ადრე ჩნდება. მათი ნაშრომი გამოქვეყნებულია ჟურნალში The Journal of the Alzheimer's Association.
ეს აღმოჩენა დაავადების ძალიან ადრეულ სტადიაზე „დაჭერისა“ და წამლების დახმარებით მისი განვითარების შეჩერების საშუალებას იძლევა.
„ბიომარკერის აღმოჩენა ახლახან შექმნილი იმუნო-ინფრაწითელი სენსორის წყალობით გახდა შესაძლებელი. სენსორულ ანალიზს შეუძლია გამოავლინოს ბეტა-ამილოიდის არასწორი შედედება“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ბოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი კლაუს ჰერვერტი.
მისი თქმით, სისხლის ჩვეულებრივი ანალიზით ალცჰეიმერის დაავადების გამოვლენა იმ ეტაპზეა შესაძლებელი, როდესაც ის ჯერ კიდევ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა უკვე ახდენს გავლენას ადამიანების კოგნიტურ უნარებზე.
„დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ თავის ტვინში ცილების არასწორი შედედების გამო დამახასიათებელი ნადებები, ე.წ. ფოლაქები ჩნდება. ჩვენი მიზანია, აღმოვაჩინოთ ეს ფოლაქები მანამ, სანამ ისინი წარმოიქმნება“, — აღნიშნა პროფესორმა.
როგორც ის ამბობს, ახლა მეცნიერების უპირველესი ამოცანაა, რომ იმუნო-ინფრაწითელი სენსორი სამედიცინო კვლევების ბაზარზე გავიდეს, რათა ექიმებმა ალცჰეიმერის დაავადების უადრეს სტადიაზე აღმოჩენა და მისი აღკვეთა შეძლონ.
გერმანელმა მეცნიერებმა კვლევა ჯერ კიდევ 2000-იან წლებში დაიწყეს. მათ სისხლის ნიმუშები აიღეს და შემდეგ გაყინეს. კვლევის დაწყებისას მათი მონაწილეების ასაკი 50-დან 75 წლამდე მერყეობდა, ამასთან არცერთ მათგანს არ ჰქონდა ალცჰეიმერის დაავადების დიაგნოზი.
მეცნიერების ინტერესი გამოიწვია 68 მონაწილის სისხლმა, რომლებსაც შემდგომში, კვლევის დაწყებიდან დაახლოებით 17 წლის შემდეგ, ალცჰეიმერის დიაგნოზი დაუსვეს. მკვლევარებმა სწორედ მათ სისხლში აღმოაჩინეს იმუნო-ინფრაწითელი სენსორით ცილების არასწორი შედედება.