სუმო: ერთი გამარჯვება დადებით ბალანსამდე - ტოჩინოშინმა მეშვიდედ იმარჯვა

ტოჩინოშინს წოდებაში დაწინაურებისთვის დარჩენილი სამი შეხვედრიდან ერთი გამარჯვება სჭირდება.
Sputnik
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარე ივლისის სუპერტურნირზე მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.
34 წლის ქართველმა სუმოისტმა, რომელიც ნაგოია ბაშოზე მერვე მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, სუპერტურნირის მე-12 დღეს აღმოსავლეთის მე-17 მაეგაშირა ნიშიკიფუჯი დაამარცხა. ქართველმა სუმოისტმა 25 წლის იაპონელი სასტარტო შეჯახების მერე ცუკიოტოშის ილეთით დოჰიოდან გადააგდო და აქტივში მეშვიდე გამარჯვება ჩაიწერა.
აღსანიშნავია, რომ ქართველ სუმოისტს დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად კიდევ ერთი გამარჯვება სჭირდება, წინ კი სამი ორთაბრძოლაა.
ქართველი სეკიტორის შემდეგი მეტოქე დასავლეთის მე-13 მაეგაშირა ჩიიოშომა იქნება, რომელსაც ტოჩინოშინი ექვსჯერ შეხვდა და მასთან თანაბარი ბალანსი 3:3 აქვს.