თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. დაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე, სადაც მიწის მასის ჩამოშლის გამო გზის სავალი ნაწილი დაზიანდა, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები სექტემბერში, სასწავლო წლის დასაწყისისთვის დასრულდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„დღეიდან უკვე შესაძლებელია გადაადგილება გზის ერთ მონაკვეთზე. ამდენი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით, გარკვეული სამუშაოებიც ჩატარდა და გზის ის მონაკვეთი, რომელიც გაიხსნება, უსაფრთხო იქნება. პარალელურად სამუშაოები მიმდინარეობს და აგვისტოს ბოლოს ან სექტემბერში, სანამ სწავლა დაიწყება, გზის ეს კონკრეტული მონაკვეთი მთლიანად აღდგება და მოწესრიგდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერიის ცნობით, ტერიტორიაზე ვერტიკალური ანკერების მოწყობა დასრულებულია და ამჟამად დამცავი კედლის ფუნდამენტის მოწყობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც რკინაბეტონის კედლის მშენებლობა განხორციელდება.
კოჯრის გზაზე მიმდინარე მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოების საერთო ღირებულება 536 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.