მსოფლიო დღეს

არტეფაქტის საიდუმლო ამოხსნილია: უძველესი სარკე ჯადოსნური გამოდგა - ფოტო

Sputnik
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ცინცინატის ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში დაცული პატარა, ბრინჯაოსგან დამზადებული სარკე „ჯადოსნური“ აღმოჩნდა, არტეფაქტის საიდუმლო მუზეუმის კურატორმა ჰუ-მეი სუნმა ამოხსნა, იუწყება CNN-ი.
სარკე, რომელიც მე-15 ან მე-16 საუკუნითაა დათარიღებული, საცავში იყო შენახული და საჯაროდ არასდროს გამოფენილა. მის ფარულ საიდუმლოს სუნმა ე.წ. ჯადოსნური სარკეების — იშვიათი უძველესი სარკეების კვლევისას მიაგნო. ეს სარკეები იმითაა ცნობილი, რომ მათ ზედაპირზე თვალისთვის უხილავი გამოსახულებებია დატანილი, რომელიც მხოლოდ სინათლის ზემოქმედებით ხდება ხილული.
როგორც ირკვევა, ჰუ-მეი სუნგი ცინცინატის მუზეუმის საცავს გაზაფხულზე ეწვია კონსერვაციის ექსპერტთან ერთად. მას სარკის კარგად დათვალიერება სურდა, ვინაიდან ის იაპონიის ედოს ეპოქის ნაკეთობას მიამსგავსა.
ექსპერტმა, კურატორის თხოვნით, სარკეს ტელეფონის ფანარი მიანათა და უეცრად კედელზე სარკიდან არეკლილი მკრთალი გამოსახულება გამოჩნდა. ამის შემდეგ უფრო ძლიერი ფოკუსირებული შუქი გამოიყენეს და გამოსახულებაც მკვეთრი გახდა: ეს ბუდა იყო, რომლის სხეულიდანაც სინათლის სხივები იფრქვეოდა. სარკის უკანა ზედაპირზე დატანილი წარწერით გაირკვა, რომ ეს ამიტაბჰა იყო — ბუდიზმის მნიშვნელოვანი ფიგურა.
ჰუ-მეი სუნის თქმით, ამ აღმოჩენის წყალობით ცინცინატის მუზეუმი მსოფლიოს იმ მცირერიცხოვან მუზეუმთა რიცხვში მოხვდა, რომლებშიც „ჯადოსნური სარკეებია“ დაცული. სარკე საჯაროდ პირველად 23 ივლისიდან გამოიფინება.
წყარო: CNN