თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. სახელმწიფო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 24 ეკომიგრანტი ოჯახისთვის სახლებს შეისყიდის, ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ოჯახები კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია. ეკომიგრანტი ოჯახები საცხოვრებელს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავად შეარჩევენ.
„შერჩეულ სახლებს უმეტეს შემთხვევაში თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს და ხელს შეუწყობს ინტეგრაციის პროცესს“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
ეკომიგრანტი ოჯახების სიის ნახვა, რომლებსაც სააგენტო სახლებს შეუსყიდის, შესაძლებელია ბმულზე.