სატრანსპორტო დერეფანი, ენერგეტიკა, ავიამიმოსვლა - რაზე შეთანხმდნენ თბილისი და აშხაბადი

აშხაბადში ქართული დელეგაციის ვიზიტის დროს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა განიხილეს.
Sputnik
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველომ და თურქმენეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ტვირთბრუნვის გაზრდისა და ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის გახსნის შესახებ, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.
საქართველოსა და თურქმენეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები აშხაბადში ქართული დელეგაციის ვიზიტისას განიხილეს. დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.

„ხელი მოეწერა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ აშხაბადთან პირდაპირი ფრენები დავნიშნოთ, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილის სიტყვებით, თურქმენეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ორმხრივი შეხვედრების დროს მხარეებმა განიხილეს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები, რათა მოიხსნას ბარიერები ქართულ პროდუქციაზე და მეტ ქართულ პროდუქტს გაუჩნდეს თურქმენეთში ექსპორტის შესაძლებლობა.
გარდა ამისა, დავითაშვილის განცხადებით, თურქმენეთი დაინტერესებულია საქართველოს დერეფნის გამოყენებით. ეს არის ტვირთბრუნვის გაზრდის შესაძლებლობა. საუბარია რამდენიმე მილიონ ტონა დამატებით ტვირთნაკადზე საქართველოს დერეფნის გამოყენებით.

„თურქმენეთი მნიშვნელოვანი ქიმიური მრეწველობის მქონე ქვეყანაა, რომელსაც აინტერესებს საქართველოს დერეფნის გამოყენება... ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა და იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანებში დამატებითი ტვირთები გაჩნდება თურქმენეთიდან საქართველოს მიმართულებით“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

გარდა ამისა, საქართველომ და თურქმენეთმა განიხილეს თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში. დავითაშვილის ინფორმაციით, დღეს თურქმენეთი საქართველოში ნავთობსა და ნავთობქიმიის პროდუქტებს გზავნის. მაგრამ ახლა საუბარია საქართველოში იაფი ენერგორესურსების შემოტანაზე.
საქართველოსა და თურქმენეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 16 ივლისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვამ 2022 წლის პირველ ნახევარში 112,6 მილიონი დოლარი შეადგინა.