მაგნიტური დღეების კალენდარი შეიცვალა: მოსალოდნელია ძლიერი შტორმი - გამოცხადდა თარიღი

Sputnik
თბილისი, 20 ივლისი − Sputnik. მზეზე 15 ივლისს მომხდარი აფეთქების შედეგად გამოფრქვეული პლაზმის ნაკადი დედამიწას 21 ივლისს მოაღწევს და ძლიერ მაგნიტურ ქარიშხალს გამოიწვევს, აცხადებენ აშშ-ის კოსმოსური კვლევების ეროვნული სააგენტოს (NASA) სპეციალისტები.
მათი თქმით, ქარიშხალი სამი დღე გაგრძელდება და არაერთ პრობლემას შეუქმნის პლანეტის მოსახლეობას.
როგორც NASA-ს ასტრონომები ამბობენ, სამდღიანი გეომაგნიტური ქარიშხლის სიმძლავრე იქნება:
21 ივლისს − 5 ბალი;
22 ივლისს – 5 ბალი;
23 ივლისს − 4 ბალი.
ამის შემდეგ ვითარება ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება − გეომაგნიტური ფონი დამშვიდდება.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, თვის დასაწყისში გამოქვეყნებული გეომაგნიტური კალენდრის თანახმად, 20-22 ივლისს ოთხბალიანი ქარიშხალი იყო მოსალოდნელი. ამასთან, სწავლულები განმარტავდნენ, რომ ეს წინასწარი პროგნოზები იყო − გამომდინარე იქიდან, რომ მზე ცვალებადობით ხასიათდება, მისი აქტიურობის პროგნოზი, შესაძლოა, მოულოდნელად საგრძნობლად შეიცვალოს — თანაც არა საათებში, არამედ წუთებშიც კი.
მაგნიტური ქარიშხლები გავლენას ახდენს ცხოვრების ბევრ სფეროზე. დიდია შეფერხებების ალბათობა საკომუნიკაციო სისტემებისა და სანავიგაციო მოწყობილობების მუშაობაში.
გარდა ამისა, ის გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც გულთან და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. სტატისტიკის მიხედვით, მაგნიტური დარღვევების დღეებში ინფარქტისა და ინსულტის სიხშირე იზრდება.
აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ ქარიშხლებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის კავშირი ჯერ კიდევ 1930-იან წლებში შენიშნეს საფრანგეთში.

რეკომენდაციები ექიმებისგან

როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე:
დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა;
გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;
საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.