მსოფლიო დღეს

ჯონ კირბი: პუტინის ირანში ვიზიტი პრობლემებზე მეტყველებს

Sputnik
თბილისი, 20 ივლისი − Sputnik. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტმა ირანში წარმოაჩინა ის სირთულეები, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს აქვს უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაციის მხარდასაჭერად, განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.
ოფიციალური ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინი თეირანს „ასტანის პროცესის“ გარანტორი ქვეყნების მეთაურების სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ეწვია.

„პირველ რიგში, ეს აჩვენებს პუტინისა და რუსეთის იზოლაციის ხარისხს. ახლა ისინი იძულებული არიან, დახმარებისთვის ირანს მიმართონ“, − განაცხადა კირბიმ.

თეთრი სახლის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ „სანქციებისა და საექსპორტო კონტროლის გამო“ რუსეთს „მაღალი სიზუსტის მართვადი რაკეტებისა და თანამედროვე სისტემების, ტანკების, დრონების და, განსაკუთრებით, მიკროელექტრონიკის პრობლემები აქვს“.
ვლადიმირ პუტინი ირანს 2007 წლიდან უკვე მეხუთედ ეწვია, აქედან ოთხჯერ − ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. ამასთან აღსანიშნავია, რომ მისი ყველა ვიზიტი სამუშაო ხასიათისა იყო და ოფიციალურ ხასიათს არ ატარებდა. როგორც რუსული პრესა წერს, პუტინის „ყოველი ვიზიტი დაკავშირებული იყო ირანის დედაქალაქში გამართულ რაიმე მრავალმხრივ ღონისძიებასთან: კასპიის ფორუმთან, გაზის ექსპორტიორი ქვეყნების სამიტთან ან, როგორც ამჯერად, „ასტანის ფორმატთან“.
წყარო: CBS News