ფურორი: შვეიცარიაში ვირტუოზი პიანისტის, „ქართველი მოცარტის“ ტრიუმფალური დებიუტი გაიმართა

ვერბიეს ფესტივალზე ქართველ ტალანტს „თავად მუსიკა“ უწოდეს.
Sputnik
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. ვერბიეს მუსიკალურ ფესტივალზე შვეიცარიაში, რომელიც 15–31 ივლისის პერიოდში ტარდება, ქართველი 12 წლის ვირტუოზი პიანისტის, „ქართველი მოცარტის“ ცოტნე ზედგინიძის ტრიუმფალური დებიუტი შედგა.
ვერბიეს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი (Verbier Festival) შვეიცარიის მთის კურორტ ვერბიეში ყოველწლიურად იმართება. ფესტივალი 1994 წელს დაფუძნდა და ის ხელს უწყობს ახალგაზრდა მუსიკოსებს თავისი აკადემიით, ორი ორკესტრით, ვერბიეს საფესტივალო ორკესტრითა და კამერული საფესტივალო ორკესტრით.

„მსოფლიოს ყველაზე დიდ – ვერბიეს ფესტივალზე შედგა ცოტნეს დებიუტი – სოლო კონცერტი. ერთ-ერთმა უდიდესმა ფიგურამ – საიმონ რეთლმა თქვა, რომ ცოტნე არა განცალკევებულად ბრწყინვალე პიანისტი ან კომპოზიტორია, არამედ უბრალოდ თვითონ არის მუსიკა“, – ნათქვამია artinfo.ge-ს ინფორმაციაში.

სოლო საღამოზე, რომელსაც პირდაპირ ეთერში გადასცემდა medici TV, ცოტნემ შეასრულა კლოდ დებიუსის, არნოლდ შონბერგის, ბელა ბარტოკის, ასევე საკუთარი ნაწარმოებები Printemps, Improvisation და Lullaby.
ცოტნე ზედგინიძე
ცოტნე ზედგინიძე 2019 წლის მთავარი აღმოჩენა გახდა. როდესაც ქართველმა დირიჟორმა, კომპოზიტორმა და პიანისტმა ნიკოლოზ რაჭველმა ბიჭს მოუსმინა, მას „ქართველი მოცარტი“ უწოდა. ვუნდერკინდი უნიკალურ ნაწარმოებებს პატარაობიდან ქმნის, ხოლო შესასრულებლად განსაკუთრებით რთულ ნაწარმოებებს ირჩევს.
ცოტნე პედაგოგებთან ხუთი წლის ასაკიდან მეცადინეობს, აკადემიური კლასიკური რეპერტუარი მან დაჩქარებულ რეჟიმში გაიარა. კლასიკური მუსიკის გარდა მას უილიამ შექსპირის პიესები უყვარს, რომლებიც, როგორც თავად ამბობს, მას შთააგონებს.