თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევით საქართველოს პრეზიდენტს ქართულ პოლიტიკაში დეპოლარიზაციის ხელშეწყობა სურდა, განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებთან.
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია 18 ივნისს დანიშნა. მანამდე სახელმწიფოს მეთაურს აღნიშნული თხოვნით 46-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა. დეპუტატებმა მიზეზად დაასახელეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წაყენებული 12 პირობის შესრულება. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სესიის ფორმატში მუშაობაზე უარი განაცხადეს და აღნიშნეს, რომ მანამდე საკომიტეტო მოსმენებია საჭირო.
„ჩვენთვის ცოტათი გაუგებარია, როცა საპარლამენტო რესპუბლიკაში რიგგარეშე სესიის მოწვევა რაღაც დესტრუქციულ ნაბიჯად ითვლება, მით უმეტეს, როცა ასეთ განცხადებებს პარლამენტის წევრები აკეთებენ“, – განაცხადა მსხილაძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტი სხვა აზრისაა.
„ჩვენ მიგვაჩნია პირიქით, რომ ოპოზიციამაც უნდა იმუშაოს იმ სამუშო ჯგუფებში, რომელიც შექმნილია და ასევე უმრავლესობას უნდა მიეცა თანხმობა გახსნილიყო რიგგარეშე სესია“, – განაცხადა მსხილაძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა.
„ბიუროს სხდომაზე იყო განხილვა დღის წესრიგთან დაკავშირებით, არ ვიცი, ლამის ჩვენ მოგვთხოვეს დღის წესრიგის შედგენა. რეგლამენტის თანახმად, სწორედ ბიუროა პასუხისმგებელი დღის წესრიგის შედგენაზე. ასე რომ, ამ შემთხვევაში ისრების ჩვენკენ გამოშვერა ცოტა უხერხულია“, – განაცხადა მსხილაძემ.
ჩვენი სურვილი იყო, რომ რიგგარეშე სესიის დანიშვნით კიდევ ერთხელ გადადგმულიყო ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, მოხდა პირიქით, დასძინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
ქართული პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების დეპოლარიზაცია ერთ-ერთი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ აღნიშნული პუნქტის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მათ, ისე ოპოზიციას.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა 1 ივლისს წარმოადგინა. ამ გეგმის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება სხვადასხვა ჯგუფები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადონ საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული. თუმცა ოპოზიციის ნაწილმა შემოთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი თქვა. ისინი მოიხოვენ მათი და არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმით მუშაობას.
არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმა, რომელსაც ოპოზიცია იშველიებს, მოიცავს კომიტეტების ნაწილის ხელმძღვანელობის ოპოზიციისთვის გადაცემას, არჩევნების სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესწორებების შეტანას, სასამართლო სისტემის რეფორმის ახალი სტრატეგიის შემუშავებას, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას და სხვ.