თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ შენობაში მოსასმენი მოწყობილობა ვერ იპოვეს, განაცხადა საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ ჟურნალისტებთან.
შაბათს, 16 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს. დაკავების სპეცოპერაციის კადრები, რომლებიც მისი მეუღლის გადაღებულია, სოციალურ ქსელში გავრცელდა. სპეცოპერაცია გვიან ღამით ჩატარდა.
გოგაშვილის დაკავებამდე ორი დღით ადრე ტელეარხ „მაესტროზე“ გამოქვეყნდა ოპოზიციურ ტელეკომპანია „მთავარში“ სარედაქციო თათბირის აუდიოჩანაწერი.
„მთავარი არხის“ სამუშაო სივრცეში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, ოთახის დათვალიერება „მთავარი არხის“ წარმომადგენლებისა და შესაბამისი დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, რომლებიც ცდილობდნენ აღმოეჩინათ რაიმე ტექნიკური მოწყობილობა, თუ ასეთი არსებობდა, თუმცა ასეთი არ იქნა ნანახი“, – განაცხადა კაციტაძემ.
მისი თქმით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფარული მიყურადების შესაძლო საქმეზე ჩაატარა ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, ასევე გამოიკითხნენ ჟურნალისტები.
როგორც კაციტაძემ აღნიშნა, საგამოძებო სამსახურის თანამშრომლებისა და ტელეწამყვან გია გაჩეჩილაძეს (უცნობი) შორის უკვე შედგა საუბარი და მას გამოკითხვაზე დღეს ელოდებიან.
აუდიოჩანაწერიდან, რომელიც 2021 წლის ნოემბერში გაკეთდა, ირკვევა, რომ გადაცემა Post Factum-ის წამყვანი გიორგი გაბუნია ორ ჟურნალისტთან და პროდიუსერთან ერთად გეგმავდა სიუჟეტს სპეცსამსახურების ინფორმატორების შესახებ. ამასთან, საუბარში ჟურნალისტებმა საკუთარი ინფორმატორი დაასახელეს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციების შესახებ საიდუმლო ინფორმაციას მათ რამდენიმე წლის განმავლობაში აწვდიდა. ეს ინფორმატორი სოსო გოგაშვილი აღმოჩნდა.
გოგაშვილმა მიმდინარე წლის 15 ივლისს სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ აქვს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგების გაყალბების მტკიცებულებები. ის ხაზს უსვამს, რომ მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ მისივე „გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შეტენა“ მას, რასაც ამიერიდან აღარ დაუშვებს.
ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა. დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ სხდომაზე ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეეფარდა.