თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. იურიდიულმა ფირმა MKD-მ, რომელიც წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან დავაში, შვეიცარიულ მედიას ბანკის მხრიდან უხეში დარღვევების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა არცერთი გამოცემა არ დაინტერესებულა ფაქტებით, ნათქვამია MKD-ს განცხადებაში.
ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს ხუთი წლის წინ უჩივლა. რუსეთში არსებული საკუთარი აქტივების ორ ეტაპად – 2005 და 2011 წლებში გაყიდვის შემდეგ მან მიღებული თანხა ბანკში განათავსა. საუბარია 755 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დეპოზიტზე. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ თაღლითური ოპერაციების შედეგად მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარი გაქრა.
„ჩვენთვის საკვირველია, რომ არ მოიძებნა არცერთი შვეიცარიული მედიასაშუალება, რომელიც შვეიცარიული საბანკო სისტემისა და სახელმწიფოსთვის ამ მნიშვნელოვან გზავნილებს გაახმოვანებდა მისთვის მისაღები ფორმით და სათანადო პროცედურების დაცვით“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც MKD აღნიშნავს, საუბარი იყო არა იმაზე, რომ უსიტყვოდ გაეზიარებინათ ივანიშვილის წარმომადგენლების პოზიცია და იგი უცვლელად გამოექვეყნებინათ, პირიქით, მედია თავად უნდა გარკვეულიყო საკითხში, დარწმუნებულიყო იმ ფაქტების სისწორეში, რომელიც იურიდიული ფირმის მიერ იყო მითითებული.
ფირმაში განმარტეს, რომ 2022 წლის 7 ივლისს MKD-მ პრეს-რელიზი გაავრცელა, რომელშიც საუბარია ბანკისა და მისი სატრასტო სტრუქტურების მხრიდან კლიენტის წინაშე ვალდებულებების ისეთ დარღვევებზე, „რომელთა არათუ გამართლება, არამედ ახსნაც შეუძლებელია“.
აღნიშნული პრეს-რელიზის საფუძველზე შეადგინეს წერილი, რომელიც შვეიცარიულ მედიას გაეგზავნა.
„მოცემულ პრეს-რელიზში ვაცხადებდით, რომ ბანკის მენეჯმენტი თვითდაზიანების რეჟიმშია და რომ მისი მოქმედებები ანგრევს არათუ უშუალოდ Credit Suisse-ის იმიჯს, არამედ ლახავს მთელი შვეიცარიული საბანკო სისტემისა და სახელმწიფოს რეპუტაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ივანიშვილის ინტერესების დამცველმა იურიდიულმა ფირმამ აღნიშნა, რომ ასეთი თემები ყოველთვის ხდება შვეიცარიული მედიის ფოკუსში, ამიტომაც ასეთი რეაქცია ერთგვარი „იმედგაცრუებაა“.
„ლოგიკურია დასკვნა, რომ ათზე მეტი გამომცემლობის, ტელევიზიისა და რადიოს მიერ უნისონში გამოთქმული ზრდილობიანი უარის მიღმა შეიძლება სხვა საფუძველი არსებობდეს, რაც მორიგი სამწუხარო, იმედგამაცრუებელი სიგნალი იქნებოდა შვეიცარიიდან“, – აღნიშნულია იურიდიული ფირმის განცხადებაში.
ივლისის დასაწყისში ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ის მხრიდან მათ კლიენტზე ზეწოლის გაგრძელების თაობაზე განაცხადეს.
ადვოკატების ინფორმაციით, 5 ივლისს ბანკმა ივანიშვილს წერილი გაუგზავნა, რომელშიც საუბარია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე და აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილებით ბანკს გარკვეული ვალდებულებები დაეკისრა და სატრასტო ფონდი სასამართლოს თანხმობის გარეშე თანხის გადახდას არ განახორციელებს.