უწყვეტი წყალმომარაგების პრობლემა საქართველოში: მინისტრმა მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა

მინისტრმა დაბა აბასთუმნის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების დასრულებული პროექტები მოინახულა.
Sputnik
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. აბასთუმანი უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა წარმატებული პროექტების კარგი მაგალითია, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ
მინისტრმა დაბა აბასთუმნის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების დასრულებული პროექტები მოინახულა.
„აბასთუმანს დღეს უკვე აქვს უწყვეტი, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება და გამართული წყალარინების სისტემა. აბასთუმანი არის კარგი მაგალითი წარმატებული პროექტების, რომლის მსგავს პროექტებს დღეს ქვეყნის 182 მდებარეობაში ვახორციელებთ და რის შედეგადაც 580 ათასი ადამიანი, რომელთაგან 200 ათასს არასდროს ჰქონია ცენტრალიზებული წყალმომარაგება, უკვე 24 საათიანი, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ირაკლი ქარსელაძემ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე წყალმომარაგების პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზაფხულში გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის 5000-ზე მეტ მოსახლეს, რომელიც მხოლოდ ხელოვნურად მოწყობილი ჭაბურღილებით სარგებლობს, 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.
„ასევე წარმატებით მიმდინარეობს როგორც კახეთის რეგიონში, ისე იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და ბევრ სხვა რეგიონში პროექტები, რომლის შედეგადაც მოსახლეობა მაღალი ხარისხის და სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა.
კურორტ აბასთუმნის და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობა 2021 წელს დასრულდა. მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა, წყალმომარაგების ქსელი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ რეზერვუარს.
დაბაში სრულად მოწესრიგდა წყალარინების, 70-იან წლებში აშენებული და თითქმის სრულად ამორტიზებული სისტემაც. პროექტის ფარგლებში, მოეწყო საკანალიზაციო ქსელი, კოლექტორები და ჭები. ახალი სისტემა, აბასთუმნის გარდა, ემსახურება აღობილისა და არაზინდოს დასახლებებსაც.
2022 წლიდან კურორტს წყალარინების თანამედროვე სტანდარტის გამწმენდი ნაგებობაც აქვს. ახალი გამწმენდი ნაგებობა ამცირებს ეკოლოგიური დაბინძურების რისკებს და მნიშვნელოვანია უნიკალური კურორტის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისათვის.