რას ედავება პროკურატურა სოსო გოგაშვილს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა 16 ივლისს დააკავეს.
Sputnik
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყოფილი მაღალჩინოსანი სუსის თანამშრომლებმა 16 ივლისს დააკავეს. სუსის ინფორმაციით, დაკავება ჩხრეკის შედეგებიდან გამომდინარე მოხდა. გოგაშვილის სახლში ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ძველ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.
პროკურატურის ცნობით, სუსის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იოსებ გოგაშვილს 2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის დროს, სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდა როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ასევე პირად და პერსონალურ მონაცემებზე.
„იოსებ გოგაშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ზემოაღნიშნული მონაცემები პირადი მიზნებისთვის გაიტანა სამსახურიდან და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, რომელთაგან ნაწილი ინფორმაცია იოსებ გოგაშვილის მონაწილეობით გავრცელდა საჯაროდ, რამაც მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების დარღვევა და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გარდა ამისა, შეიქმნა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროკურატურის ცნობით, ჩატარებული გამოძიების შედეგად აგრეთვე დადგინდა, რომ გოგაშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ხუთი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, საიდანაც ორი იარაღი იყო გაუფორმებელი, ხოლო სამი გაფორმებული ახლო ნათესავის სახელზე, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში.
„იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი სახლიდან, სასამართლოს განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული გრიფირებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია, პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, ათეულობით ტექნიკური მოწყობილობა და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
იოსებ გოგაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა 2018 წელს დატოვა. სუსიდან წასვლის შემდეგ გოგაშვილი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ მუშაობდა, სადაც მონიტორინგის, კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, თუმცა ეს 2020 წელს სამსახურიც დატოვა.
გოგაშვილმა მიმდინარე წლის 15 ივლისს სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ აქვს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგების გაყალბების მტკიცებულებები. ის ხაზს უსვამს, რომ მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ თავისსავე „გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შეტენა“ მას, რასაც აწი აღარ დაუშვებს.
გოგაშვილის დაკავებამდე ორი დღით ადრე ტელეარხ „მაესტროზე“ გამოქვეყნდა ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარში“ სარედაქციო თათბირის აუდიოჩანაწერი.
აუდიოჩანაწერიდან, რომელიც 2021 წლის ნოემბერში გაკეთდა, ირკვევა, რომ გადაცემა Post Factum-ის წამყვანი გიორგი გაბუნია ორ ჟურნალისტთან და პროდიუსერთან ერთად გეგმავდა სიუჟეტს სპეცსამსახურების ინფორმატორების შესახებ. ამასთან, საუბარში ჟურნალისტები საკუთარ ინფორმატორს ასახელებდნენ, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციების შესახებ საიდუმლო ინფორმაციას მათ რამდენიმე წლის განმავლობაში აწვდიდა. ეს ინფორმატორი სოსო გოგაშვილი აღმოჩნდა.
წყარო - პროკურატურა