თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. ფოთში, ჰიდროგრაფიული სამსახურის შენობასთან კორეული ჰიდროგრაფიული კატამარანის საქართველოში გადაცემის ცერემონია გაიმართა, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური.
სამხრეთ კორეის მთავრობის ინიციატივით, 2020 წლის დეკემბრიდან საქართველოში ოკეანოგრაფიული ინფრასტრუქტურის დანერგვის პროექტი ხორციელდება. პროექტის ფარგლებში კორეის მხარემ ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს ჰიდროგრაფიას, საქართველოს პორტები აღიჭურვა ძვირადღირებული ოკეანოგრაფიული ტექნიკით.
„საუბარია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ჰიდროგრაფიულ კატამარანზე, რომელიც კორეაში დამზადდა და ქართულ მხარეს გადმოეცა. კატამარანი აღჭურვილია თანამედროვე ტიპის მრავალსხივიანი ექოლოტით, რომელიც ზღვის სიღრმეების აზომვას მაღალი სიზუსტით ახდენს, რაც სანავიგაციო რუკების შექმნისათვის აუცილებელი კომპონენტია“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა.
მისი თქმით, საზღვაო ნაოსნობის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
საფოსტო მარკა „საქართველოს საზღვაო შუქურები“
კატამარანის გადმოცემის პარალელურად, „საქართველოს ფოსტის“ მიერ გამოცემული საფოსტო მარკის „საქართველოს საზღვაო შუქურების“ პრეზენტაცია გაიმართა.
გურამიშვილის თქმით, საქართველოს ზღვაოსნობის დიდი ხნის ისტორია აქვს და „საქართველოს ფოსტის“ მიერ გამოშვებულ მარკაზე ამ დარგის ყველაზე დიდი სიმბოლოების - შუქურების გამოსახვა სწორედ ამის დასტურია.
პრეზენტაცია მარკის „საქართველოს საზღვაო შუქურები“
„სიმბოლურია, რომ მარკის პრეზენტაცია იმართება ფოთის შუქურის სიახლოვეს, რომელიც 1864 წლიდან უწყვეტად ფუნქციონირებს. მარკაზე ასევე დატანილია სოხუმისა და ბათუმის შუქურებიც, რომლითაც ჩვენ გვინდოდა აქცენტი საქართველოს საზღვაო ისტორიაზე გაგვეკეთებინა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
„საქართველოს ფოსტამ“ მარკა „საქართველოს საზღვაო შუქურები“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით გამოუშვა. სამივე შუქურას - ფოთში, სოხუმსა და ბათუმში, უკვე მიენიჭა ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
ამ საფოსტო მარკების გამოშვება ხელს შეუწყობს საქართველოში საზღვაო უსაფრთხოების მნიშვნელობის ხაზგასმას და საქართველოს შესახებ, როგორც საზღვაო ისტორიის მქონე ქვეყნის ცნობიერების ამაღლებას.