თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. თბილისში, რესტორან „ეზოში“ 17 ივლისს ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, მომღერლისა და პოეტის ინოლა გურგულიასადმი მიძღვნილი საღამო კორონავირუსის გამო აღარ გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას ორგანიზატორები ავრცელებენ.
ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მონაწილე ადამიანების ჯგუფს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ორგანიზატორებმა ინფიცირებულებს გამოჯანმრთელება უსურვეს და მადლობა გადაუხადეს ადამიანებს, რომლებიც ინოლას მოსაგონებელი საღამოს ორგანიზაციაში იყვნენ ჩართული.
„ინოლას საღამო ეზოში აუცილებლად შედგება, თუმცა, სამწუხაროდ არ შეგვიძლია გითხრათ ზუსტი თარიღი“, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.
საღამოზე გურგულიას სიმღერები მისი ოჯახის წევრებს, დავით შუღლიაშვილს, ია შუღლიაშვილს, თამარ თოლორდავას და თემურ მაისაშვილს უნდა შეესრულებინათ. კონცერტზე ასევე უნდა გამოსულიყვნენ ქართველი არტისტები ნოდარიკო ხუციშვილი, დავით კაკულია (კლავიშები), თაკო კიკაბიძე, ელენე მაყაშვილი და სხვები.
ბოლო პერიოდში ეს პირველი ღონისძიებაა, რომელიც კორონავირუსის გამო ჩაიშალა.
საქართველო კორონავირუსის მორიგი, მეშვიდე ტალღისთვის ემზადება. შემთხვევების რაოდენობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჯერ კიდევ ივნისში კვირაში ფიქსირდებოდა 500-600 ახალი შემთხვევა, ხოლო გასულ კვირაში 5.154 შემთხვევა გამოვლინდა.
„ომიკრონის“ ახალი ქვეტიპი
В.А.5 – აღნიშნული ქვეტიპით შეიძლება დაინფიცირდნენ როგორც ვაქცინირებული, ისე კოვიდ-გადატანილი პირები.
სპეციალისტების განცხადებით, ინფექციის სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვების არარსებობა, მათ შორის ნიღბის ტარების რეჟიმის გაუქმება.
ეპიდემიოლოგების აზრით, ქვეყანა ვირუსის გავრცელების მორიგ ფაზაში ოქტომბერში შევა.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში დაფიქსირებულია ინფიცირების 1.662.299 შემთხვევა. ვირუსი დაამარცხა 1.643.579-მა პირმა, გარდაიცვალა 16.844.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.