აზერბაიჯანის და სომხეთის მთავარი დიპლომატები თბილისში შეხვედრისთვის მადლიერები არიან

მირზოიანმა და ბაირამოვმა მიმოიხილეს საკითხების ფართო სპექტრი, რომლებიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთ0ობების დარეგულირებას ეხებოდა
Sputnik
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა და არარატ მირზოიანმა მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს საქართველოში შეხვედრის ორგანიზებისთვის.
წინა დღით თბილისში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრთა ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციასთან დაკავშირებული რიგი საკითხები განიხილეს, იტყობინება Sputnik-აზერბაიჯანი.
საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას, მხარეებმა ასევე ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები შესაძლო შემდგომ ნაბიჯებზე.
მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა აღნიშნა, რომ ყველა ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მოწესრიგებაში პროგრესის მიღწევაზე, ორ სახელმწიფოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის მოგვარების შემდეგ წარმოქმნილი პოსტკონფლიქტური რეალობიდან გამომდინარე.
„ამ კონტექსტში ხაზი გაესვა აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების მიერ ხელმოწერილი სამმხრივი განცხადებების ყველა დებულების შესრულების აუცილებლობას, განსაკუთრებით სომხეთის შეიარაღებული ძალების აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გაყვანის შესახებ“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რაც შეეხება ჰუმანიტარულ საკითხებს, ბაირამოვმა ყურადღება გაამახვილა თითქმის ოთხი ათასი დაკარგული აზერბაიჯანელის ბედის გარკვევის მნიშვნელობაზე.
თავის მხრივ, მირზოიანმა ხაზი გაუსვა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ინსტიტუტისა და გამოცდილების საერთაშორისო მანდატის შესაბამისად გამოყენების მნიშვნელობას.
მინისტრებმა აღნიშნეს, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირდაპირი დიალოგის გაგრძელებას.
გარდა ამისა, შაბათს თბილისში გაიმართა საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების - ილია დარჩიაშვილის, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის სამმხრივი შეხვედრა. მხარეებმა რეგიონული საკითხები განიხილეს.