აბასთუმნის ობსერვატორიაში ახალი თანამედროვე ტელესკოპი დამონტაჟდება

ახალი გუმბათის და ტელესკოპის პირობებში აბასთუმნის ობსერვატორია მსოფლიო ასტრონომებისთვის მიმზიდველი ცენტრი გახდება.
Sputnik
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. აბასთუმნის ობსერვატორიაში ახალი 1,5 მეტრიანი ტელესკოპი და 12 მეტრის რადიუსის გუმბათი 2024 წლისთვის გაჩნდება, იუწყება ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტრო.
აბასთუმნის ობსერვატორია იყო პირველი ასტროფიზიკური ობსერვატორია საბჭოთა კავშირში, რომელიც მთაში მდებარეობდა. ის 1932 წელს აკადემიკოს ევგენი ხარაძის ინიციატივით დაარსდა და დღემდე მის სახელს ატარებს.
ტელესკოპისა და გუმბათის დასამზადებლად ავსტრიული კომპანია ASA Astrosysteme GmbH შეირჩა. პროექტი მსოფლიო ბანკის 8,6 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
სამინისტროს ინფორმაციით, ავსტრიულ კომპანიას მაღალი ხარისხის ტელესკოპებისა და სამეცნიერო აღჭურვილობის დამზადების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
კომპანიის მაღალპროფესიული გუნდი ასტრონომიული კვლევისა და დაკვირვების დანადგარებს ამზადებს როგორც კომერციული ორგანიზაციებისათვის, ისე წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, ახალი გუმბათის და ტელესკოპის პირობებში აბასთუმნის ობსერვატორია ასტრონომიული მეცნიერებების საერთაშორისოდ მიმზიდველი და აღიარებული ცენტრი გახდება.
აბასთუმნის ობსერვატორია
სამინისტროს ასევე დაწყებული აქვს ციფრული მუზეუმის მოსაწყობად შესაბამისი კომპანიის შერჩევის პროცესიც. ასევე, სრულდება ობსერვატორიის ადმინისტრაციული ნაწილის სრული რეაბილიტაციის პროექტის შემუშავება და ობსერვატორიის 24 საათიანი წყალმომარაგებისათვის.
2019 წლის ოქტომბერში ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურისდიქციის ქვეშ გადავიდა. მანამდე ობსერვატორია ილიას უნივერსიტეტს ეკუთვნოდა.
აბასთუმნის ობსერვატორია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აბასთუმნის განვითარების პროექტის ფარგლებში 2019-2020 წლებში დაასრულა XIX-XX საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის, კურორტ აბასთუმნის მთავარ ქუჩაზე საბაგირო გზის (1982 წ. ) სრული რესტავრაცია.
კურორტ აბასთუმნის განახლების პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. აბასთუმნის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე საერთო ჯამში 315 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. აქედან თითქმის 50 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები დასრულებულია.