თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მეუღლე ამტკიცებს, რომ მათ სახლში ჩხრეკის დროს იარაღი ჩაუდეს.
გოგაშვილის სუსის თანამშრომლებმა შაბათს დააკავეს. სუსის ინფორმაციით, დაკავება ჩხრეკის შედეგებიდან გამომდინარე მოხდა. გოგაშვილის სახლში ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ძველ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. უწყებას სხვა დეტალებზე ჯერჯერობით არ უსაუბრია.
„გამოხსნეს კარადა და კალაშნიკოვი ჩადეს... როგორ ფიქრობთ, 13 გაფორმებული იარაღი აქვს ჩემს მეუღლეს და ეს 2 იარაღი უკანონო ჰქონდა?!“ - განუცხადა თეა მარტყოფლიშვილმა ჟურნალისტებს.
იოსებ გოგაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა 2018 წელს დატოვა. სუსიდან წასვლის შემდეგ გოგაშვილი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ მუშაობდა, სადაც მონიტორინგის, კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, თუმცა ეს 2020 წელს სამსახურიც დატოვა.
გოგაშვილმა მიმდინარე წლის 15 ივლისს სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ აქვს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგების გაყალბების მტკიცებულებები. ის ხაზს უსვამს, რომ მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ თავისსავე „გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შეტენა“ მას, რასაც აწი აღარ დაუშვებს.
გოგაშვილის დაკავებამდე ორი დღით ადრე ტელეარხ „მაესტროზე“ გამოქვეყნდა ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარში“ სარედაქციო თათბირის აუდიოჩანაწერი.
აუდიოჩანაწერიდან, რომელიც 2021 წლის ნოემბერში გაკეთდა, ირკვევა, რომ გადაცემა Post Factum-ის წამყვანი გიორგი გაბუნია ორ ჟურნალისტთან და პროდიუსერთან ერთად გეგმავდა სიუჟეტს სპეცსამსახურების ინფორმატორების შესახებ. ამასთან, საუბარში ჟურნალისტები საკუთარ ინფორმატორს ასახელებდნენ, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციების შესახებ საიდუმლო ინფორმაციას მათ რამდენიმე წლის განმავლობაში აწვდიდა. ეს ინფორმატორი სოსო გოგაშვილი აღმოჩნდა.