თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. საქართველოს ძალისხმევა, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, შედეგს გამოიღებს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, თბილისში სომეხი და აზერბაიჯანელი კოლეგების, არარატ მირზოიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრის კომენტირებისას.
მირზოიანი და ბაირამოვი თბილისში პირველ ორმხრივ შეხვედრას გამართავენ. მანამდე მხარეები მოლაპარაკებებს მართავდნენ დუშანბეში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სამმხრივი შეხვედრების ფარგლებში.
„ძალიან მეამაყება, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრის ადგილია. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, შედეგს გამოიღებს“, – დაწერა ილია დარჩიაშვილმა „ტვიტერში“.
გასული წლის დეკემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივით გამოვიდა. მან მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.