თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. ფოთში 29 ივლისს მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნება, ნათქვამია ფოთის მერიის განცხადებაში.
სპორტულ კომპლექსში მოწყობილია დიდი და მცირე ზომის საცურაო აუზები, ფიტნეს დარბაზი, მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი, სასტუმროს ნომრები, კაფეტერია, მწვრთნელებისა და საექიმო კაბინეტები.
„ქალაქში გაჩნდა შესაძლებლობა მოსახლეობამ ისარგებლოს მაღალი სტანდარტების სპორტულ-გამაჯანსაღებელი სერვისით და უმასპინძლოს საერთაშორისო ტურნირებს, სპორტის მრავალ სახეობაში“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
სპორტკომპლექსი 29 ივლისიდან სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას, თუმცა 15 ივლისს მან უმასპინძლა პირველ ღონისძიებას - საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს. ათდღიან ფესტივალში 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს.
პროექტის საერთო ღირებულება 14,5 მლნ ლარს შეადგენს.