წულუკიანი: მოსამართლეებმა ზეწოლის თაობაზე უნდა ისაუბრონ

კულტურის მინისტრი მიესალმება მოსამართლეებზე ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას.
Sputnik
თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. მოსამართლეებმა თავად უნდა იბრძოლონ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის, მათ შორის, ღიად ისაუბრონ მათ მიმართ ზეწოლის ფაქტებზე, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
პარასკევს, 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ, რომელმაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, სასამართლო სისტემაზე ღია ზეწოლაზე განაცხადა.
ჩხიკვაძე ამტკიცებს, რომ გვარამიას განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობაში ის შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს კევინ ბურკს. საელჩოს თანამშრომელი მას საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე ესაუბრა და განაცხადა, რომ ელჩი დაინტერესდა, თუ რატომ გამოიტანა მან გამამტყუნებელი განაჩენი, განსაკუთრებით იმით, თუ რატომ აირჩია მოსამართლემ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა. მოსამართლემ ეს შეაფასა, როგორც ანგარიშის წარდგენის მოთხოვნა.

„მივესალმები ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას“, – განაცხადა წულუკიანმა.

ჩხიკვაძემ განცხადების გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ევროპარლამენტის დეპუტატის მაიკლ გალერის განცხადება მოისმინა გვარამიას საქმეზე, რომელიც მალე თბილისის სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს.
როგორც მოსამართლემ აღნიშნა, გალერმა ღიად მიუთითა სააპელაციო სასამართლოს, რომ გვარამია 19 ივლისის სხდომაზე უნდა გაამართლოს, რათა „გამოასწოროს ძველი შეცდომები", ანუ იგულისხმება ჩხიკვაძის მიერ დაშვებული შეცდომები.
რაც შეეხება აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს, ჩხიკვაძის თქმით, ბურკმა მას განუცხადა, რომ რამდენიმე დღეში აშშ-ში დაგეგმილი გამგზავრება, რომელიც უკვე გაწერილი იყო, არასასურველია და ის სიიდან ამოიღეს. დაგეგმილი იყო სისხლის სამართლის პროფილის ექვსი ქართველი მოსამართლის გამგზავრება.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით მოსამართლემ პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისგან და მისცენ მოსამართლეებს საშუალება, მართლმსაჯულება განახორციელონ მშვიდ გარემოში და გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე.
გვარამიას საქმე
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
„მთავარი არხის" ჟურნალისტები დარწმუნებული არიან, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ ტელეარხიდან ფულის „ამოქაჩვა" მაშინ დაიწყო, როდესაც მასზე უფლებებიძველმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა. ქართული ყველა ინსტანციის სასამართლოებისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით"რუსთავი 2" ხალვაშს 2019 წელს დაუბრუნდა.