თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფერმერებმა 22 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო საქონელი შეიძინეს, იუწყება სოფლის განვითარების სააგენტო.
პროგრამის ფარგლებში 188 ათასმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა აგრობარათი უკვე გააქტიურა; სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტებში უკვე განაღდებულია 22.872.676 ლარი.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას იღებენ 0.25 ჰექტრიდან 1.25 ჰექტრის ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით. აგროქულების განაღდება ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის 10 მაისიდან ამოქმედდა და მისი ბიუჯეტი 35 მლნ ლარს შეადგენს. სახელმწიფო პროგრამით ჯამში 300 ათასზე მეტი მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს.
აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2022 წლის 30 ნოემბერია. ამის შემდეგ დარიცხული ქულები გაუქმდება.
სააგენტო შეახსენებს ფერმერებს, რომ აგრობარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად, ბანკში ვიზიტამდე, ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია როგორც „ლიბერთი ბანკის" ვებ-გვერდზე, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზისა და „ლიბერთი ბანკის" ცხელი ხაზის მეშვეობით.