თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 18 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო.
განკარგულება დეპუტატებს უკვე დაეგზავნა. ერთ-ერთმა დეპუტატმა იგი ოპოზიციურ ტელეკომპანია „მთავარ არხს“ გადასცა, რომელმაც გაასაჯაროვა.
თუ როგორი იქნება რიგგარეშე სესიის დღის წესრიგი, ჯერჯერობით უცნობია.
13 ივლისს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სესიის კონკრეტული დღის წესრიგით მოწვევის თხოვნით მიმართა, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად.
პალამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიციის სურვილი, მოიწვიოს პარლამენტის რიგგარეშე სესია უკვე ინიცირებული კანონპროექტების განსახილველად – ეს არის ქვეყანაში პოლარიზაციის გამწვავების მცდელობა. როგორც მან აღნიშნა, ინიცირებული კანონპროექტების მიღება საპარლამენტო უმრავლესობისთვის არააქტუალურია.