OMV Petrom-ი საქართველოს სანაპიროსთან გაზის მოპოვებას 2025 წლისთვის დაიწყებს

ნავთობისა და გაზის ძიებისა და მოპოვების სამუშაოებზე კონტრაქტი 25 წელზეა გათვლილი.
Sputnik
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ავსტრიულ-რუმინული კომპანია OMV Petrom S.A. შავი ზღვის შელფზე გაზის მოპოვებას 2025 წლისთვის დაიწყებს, განაცხადა ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა გიორგი ტატიშვილმა.
კომპანიამ შავი ზღვის შელფზე ნავთობის ძიებასა და მოპოვებაზე გამოცხადებულ ტენდერში 2020 წლის ზაფხულში გაიმარჯვა.
შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს შავი ზღვის კონტინენტურ შელფზე (ფართობი 5.282 კმ2) 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალ ინტერპრეტაციას – ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად, ხელი გასული წლის მარტში მოეწერა.

„დაგვარწმუნეს, რომ მათი გეგმები არ შეცვლილა, უკვე სრულდება ქვეკონტრაქტორი კომპანიის შერჩევის ტენდერი. შეირჩა ოთხი კომპანია და ვვარაუდობთ, რომ ორი კვირის ვადაში დასრულდება გამარჯვებულის გამოვლენა. 2025 წლისთვის სატესტო ჭაბურღილმა გაზის მოპოვება უნდა დაიწყოს“, – განაცხადა ტატიშვილმა პროგრამა „ბიზნეს-კურსის“ ეთერში.

მისი თქმით, სავარაუდოდ, უკვე სექტემბერ-ოქტომბერში საქართველოში სპეციალური გემი შემოვა, რომელიც შელფიდან მიღებული მასალების შესწავლის შემდეგ საბურღ წერტილს შეარჩევს.
„7 წელი არის ვადა, რაც არის საერთაშორისო სტანდარტი, რაც ზოგადად ძებნა-ძიებას სჭირდება. წელს დამთავრდება სეისმური სამუშაოები, ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს. ალბათ 1-1,5 წელი დასჭირდება მიღებული მასალის ინტერპრეტაციას, რისკების შემცირებას და ჭაბურღილის წერტილის შერჩევას“, – განაცხადა ტატიშვილმა.
თავად OMV Petrom-ის შეფასებით, სალიცენზიო არეში სეისმური სამუშაოების ჩატარება დაახლოებით 30 მილიონი დოლარი დაჯდება.
კომპანია MV Petrom არის ავსტრიული ჰოლდინგ OMV-ს (Österreichische Mineralölverwaltung Aktiengesellschaft) ნაწილი, რომელიც 1956 წელს დაარსდა. ეს ნავთობისა და გაზის მომპოვებელი სიდიდით მეორე კომპანიაა ავსტრიაში, ხოლო ევროპაში მეათეა.
OMV Petrom S.A.-ს უკვე გააჩნია ნავთობის საბადოების მოძიების წარმატებული გამოცდილება. მან რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში აღმოაჩინა საბადო, რომლის რესურსების ღირებულება 1,5 მლრდ აშშ დოლარად ფასდება.
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში სალიცენზიო მონაკვეთებზე ნავთობის მოპოვებით ექვსი ინვესტორი კომპანიაა დაკავებული. კიდევ შვიდი კომპანია საძიებო სამუშაოებს ახორციელებს. საშუალო წლიური მოპოვება, ბოლო 10 წლის მონაცემებით, 43,6 ათას ტონას შეადგენს.