თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ამ ეტაპზე დასავლეთი უკრაინაში ომს აგებს, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.
ხუნდაძე ერთ-ერთია „ქართული ოცნების“ იმ სამი ლიდერიდან, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ პარტიის, საპარლამენტო უმრავლესობისა და პარლამენტში დაკავებული თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. წასვლის მთავარ მიზეზად ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებისთვის მიმდინარე მოვლენებზე მეტი ინფორმაციის მიწოდების სურვილი დაასახელეს.
„არ მომერიდება იმის თქმა, რომ დასავლეთი ამ ეტაპისთვის უკრაინაში ომს აგებს, მაგრამ ომი უნდა დასრულდეს. იმიტომ რომ მოდის ზამთარი, ენერგომატარებლების კუთხით კიდევ უფრო იზრდება ინტერესი და... შესაძლოა თვითონ რუსეთი გადავიდეს სანქციებზე დასავლეთის მიმართ. ამ ვითარებაში აუცილებელი პირობაა, რომ ომი უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა ხუნდაძემ ტელეარხ PalitraNews-ის ეთერში.
დეპუტატის თქმით, დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, როდესაც საქართველო „დახურულ კარს მიღმა“ დატოვა 2008 წელს და „ამ შეცდომის გაგრძელებაა ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება“.
როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, შეცდომები ძალიან ძვირი ჯდება. დეპუტატს ეჭვი აქვს, რომ შესაძლოა ახლა საქართველო გარკვეული პოლიტიკური თამაშის მსხვერპლიც კი აღმოჩნდეს.
„ევროპარლამენტარების ერთ ჯგუფს, რომლის ხმაც დღეს განსაკუთრებით ხმამაღლა ისმის, ყოფილ ხელისუფლებასთან კარგი კომუნიკაცია ჰქონდათ – უსიტყვოდ ყველა დავალება სრულდებოდა, თუმცა არ სრულდებოდა მთავარი. თითქმის 20 წელია ღია კარის პოლიტიკის მოლოდინში ვართ“, – განაცხადა ხუნდაძემ.
რაც შეეხება ამჟამინდელ ხელისუფლებას, ხუნდაძის თქმით, „ქართული ოცნება“ მორჩილი არ არის.
მისი თქმით, ეს ის ხელისუფლება არ არის, რომელიც ყველაფერს ხელს აწერს და ყველას ემორჩილება. ყველა გადაწყვეტილებას, ყველა შეთანხმებას და პოლიტიკურ ვაჭრობას ზომავს საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ზოგად პოლიტიკაში ამას ზოგჯერ რთულად მართვად პროცესს უწოდებენ. მაგრამ ხელისუფლება სწორად მოქმედებს, ხაზი გაუსვა ხუნდაძემ.
მისივე თქმით, თუ ამჟამინდელი ევროპული ღირებულებით საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყველაზე მაღალი დემოკრატია, ხოლო მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, მაშინ „დასავლეთი თავის ღირებულებებში საკუთარ თავს ასცდა“.
ოთხშაბათს „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-თავმჯდომარემ რასა იუკნიავიჩენემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი პირობაა დეოლიგარქიზაცია, რაც გულისხმობს „დებიძინიზაციას“ ან „დეივანიშვილიზაციას“.
იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას კულისებიდან მართავს, გამუდმებით ლაპარაკობს ოპოზიციის დიდი ნაწილი.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია ლაპარაკობს ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლოა მონაწილეობაზე დამადასტურებელი ფაქტების გარეშე.
„ევროპის სახალხო პარტია“ ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პარტიაა. მასში შედის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“, რომელიც თავის დროზე ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააარსა.
რაც შეეხება ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არ არსებობს არცერთი ფაქტი იმისა, რომ ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობს. ღარიბაშვილის თქმით, ოლიგარქიული მმართველობის მთავარ „მტკიცებულებად“ მოჰყავთ ის, რომ ის და მმართველი გუნდის რამდენიმე წამყვანი წევრი პოლიტიკაში ივანიშვილის წყალობით მოვიდა.