ქვემო ქართლში ინფორმატიკის მასწავლებელი ოთხ არასრულწლოვანზე სექსუალურად ძალადობდა

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა სექტემბერში დაიწყება.
Sputnik
თბილისი, 13 ივლისი - Sputnik. არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ქვემო ქართლში ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცი საკუთარ მოსწავლეებზე რამდენიმე თვის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა. ცნობილია დანაშაულის ექვსი ეპიზოდი, დაზარალებულები 11 -12 წლის გოგონები არიან.
ბრალდებული პედაგოგი დანაშაულს არ აღიარებს. მისი ადვოკატის მტკიცებით, ფაქტების ნაწილი მოსწავლეებმა გამოიგონეს, ნაწილი კი გამოძიებამ გააზვიადა.
გამოძიების ინფორმაციით, მძიმე დანაშაულის შესახებ ცნობილი გახდა სკოლის დირექტორისთვის, რომელმაც ამბავი არ გაახმაურა. პოლიციისთვის შეუტყობინებლობის ბრალდებით, პროკურატურამ ბრალი დირექტორსაც წარუდგინა, თუმცა პირველი ინსტანციის მოსამართლემ საქმეში დირექტორის პასუხისმგებლობა ვერ დაინახა და მის მიმართ გამოსცა განჩინება სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც სკოლის დირექტორს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული სკოლის მასწავლებელი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
წყარო - „რუსთავი2“.