თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. 18 წლის ზემოთ პირებში მეორე ბუსტერ-დოზის უნივერსალურ გამოყენებაზე რეკომენდაცია არ გაცემულა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა მანამდე განაცხადა, რომ იმუნიზაციის საბჭომ 18 წლის ზემოდ პირებში ასაკის მიუხედავად ბუსტერ-დოზის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო.
„COVID-19-ის საწინააღმდეგო დამატებით ბუსტერ დოზასთან დაკავშირებით, აშშ-სა და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მეორე ბუსტერ დოზა რეკომენდებულია 50 წლის ზემოთ და ქრონიკული დაავადების მქონე პირებში. 18 წლის ზემოთ პირებში ჯერჯერობით არც ერთ ამ ორგანიზაციას მეორე ბუსტერ დოზის უნივერსალურ გამოყენებაზე რეკომენდაცია არ გაუცია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ მიყვება პროტოკოლს, რომლის მიხედვითაც ბუსტერ-დოზა დასაშვებია მხოლოდ 50 წელს გადაცილებული პირებისთვის.
გამონაკლისს შეადგენენ პირები, ვინც საზღვარგარეთ მიემგზავრება და დამატებითი ბუსტერ დოზის ადმინისტრირებას მიმღები ქვეყანა ითხოვს.
საქართველო კორონავირუსის მორიგი, მეშვიდე ტალღისთვის ემზადება. შემთხვევების რაოდენობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჯერ კიდევ ივნისში კვირაში ფიქსირდებოდა 500-600 ახალი შემთხვევა, ხოლო გასულ კვირაში 5.154 შემთხვევა გამოვლინდა.
„ომიკრონის“ ახალი ქვეტიპი
В.А.5 – აღნიშნული ქვეტიპით შეიძლება დაინფიცირდნენ როგორც ვაქცინირებული, ისე კოვიდ-გადატანილი პირები.
სპეციალისტების განცხადებით, ინფექციის სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვების არარსებობა, მათ შორის ნიღბის ტარების რეჟიმის გაუქმება.
ეპიდემიოლოგების აზრით, ქვეყანა ვირუსის გავრცელების მორიგ ფაზაში ოქტომბერში შევა.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში დაფიქსირებულია ინფიცირების 1.662.299 შემთხვევა. ვირუსი დაამარცხა 1.643.579-მა პირმა, გარდაიცვალა 16.844.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.