თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ავტორიზაცია მიანიჭა კომპანია Starlink Georgia-ს, რომელიც ილონ მასკის მიერ დაარსებულ კომპანია SpaceX-ს ეკუთვნის.
ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, SpaceX საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ-მომსახურებას მიაწვდის.
კომპანიის გეგმების თანახმად, Starlink პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომი იქნება მაღალმთიან რეგიონებში, ასევე დასახლებებში, სადაც ფართოზოლოვანი ინტერნეტ–დაფარვა არა აქვთ. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელ მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ-კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2.700-ზე მეტი Starlink-ის დაბალორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს გაშვებული.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტით 100%-ით არის უზრუნველყოფილი თბილისი, ბათუმი და სტეფანწმინდისა და ბორჯომის რაიონები. 13 რაიონში მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით 35%-ს აქვს ინტერნეტი, ხოლო დანარჩენ რაიონებში ინტერნეტიზაციის დონე 50%-დან 70%-მდე შეადგენს.
2022 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოში სულ 949.323 ინტერნეტ-აბონენტია დარეგისტრირებული, რომელთაგანაც მხოლოდ 86.195-სთვის არის Wi-Fi ტექნოლოგია ხელმისაწვდომი.