თავდასხმა დავით ბერძენიშვილზე: ირაკლი ხომასურიძე თავდებობით გაათავისუფლეს

ხომასურიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2019 წელს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში.
Sputnik
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ ირაკლი ხომასურიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუუქმა.
შემთხვევა 6 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ტაძართან მოხდა. „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს აგრესიულად განწყობილმა ორმა მამაკაცმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიტიკოსებს დახმარებისთვის პოლიციის გამოძახება მოუწიათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის შემდეგ მიიღო.
ბრალდებულის ადვოკატის კახაბერ მუმლაძის განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების საფუძველი დაზარალებული დავით ბერძენიშვილის პოზიცია და მოძრაობა „აი იას“ თავდებობა გახდა.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა დავით ბერძენიშვილის მიმართ ძალადობა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით განახორციელა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლით (ადამიანის დევნა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა. სისხლის სამართლის საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება.
აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ირაკლი ხომასურიძე ცნობილია თავისი რადიკალური განცხადებებით ლგბტ-თემის მისამართით. კერძოდ, ხომასურიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2019 წელს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში. ფილმი ორი მოცეკვავის არატრადიციულ სიყვარულს ეძღვნება.