თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოში 2023 წელს საერთაშორისო სტანდარტების ყინულის მოედნის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ ჟურნალისტებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.
ოთხშაბათს წულუკიანმა და ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF) პრეზიდენტმა ლუკ ტარდიფმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც აშენდება ყინულის მოედანი. მემორანდუმი გულისხმობს მხარეებს შორის თანამშრომლობას საქართველოში ყინულის ჰოკეის განვითარების მიზნით.
„ბატონმა პრეზიდენტმა ჩემი თხოვნით გამოთქვა მზადყოფნა, ტექნიკური კონსულტაცია და დახმარება გაგვიწიოს ყინულის მოედნის პროექტის შემუშავებაში. რასაკვირველია, შემდგომში ჩვენ გვინდა ამ ახალ ყინულის მოედანზე ვუმასპინძლოთ საერთაშორისო ასპარეზობებს“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, ყინულის მოედნის საპროექტო სამუშაოების დაწყება უკვე შეთანხმებულია მთავრობასთან.