რიკოთის ახალი გზის რამდენიმე მონაკვეთი წელს გაიხსნება - მინისტრი

რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
Sputnik
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. რიკოთის საუღელტეხილო ახალი გზის კონკრეტული მონაკვეთები უკვე წელს გაიხსნება, ხოლო სრულად მაგისტრალური გზის რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა 2023 წელს დასრულდება, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მაგისტრალზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების მონახულების შემდეგ.
რიკოთზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური 4-ზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს ითვალისწინებს.

„რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა ნამდვილად საუკუნის პროექტია და აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო საგზაო დერეფნის ყველაზე გამომწვევი და მნიშვნელოვანი მონაკვეთია. სამუშაოები ყველა გვირაბზე გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს", – თქვა მინისტრმა.

მისი თქმით, ახალი გზის პირობებში აღმოსავლეთი–დასავლეთის საგზაო დერეფანი კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება საერთაშორისო გადაზიდვებისთვის და ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კუთხით.
სამინისტროს ცნობით, უკვე გაჭრილია 24 გვირაბი, საიდანაც 3 დასრულებული გვირაბით სატრანსპორტო საშუალებები უკვე სარგებლობენ, სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს 88 ხიდზე, საიდანაც 30 უკვე აშენებულია, მოძრაობა გახსნილია 6 დასრულებულ ხიდზე.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა 4 მონაკვეთად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი–ხევის 11,6 კმ-იან, ხევი–უბისას 12,2 კმ-იან, უბისა–შორაპნის 13 კმ-იან და შორაპანი–არგვეთას 14,7 კმ-იან მონაკვეთებად.
როგორ განვითარდება საგზაო ინფრასტრუქტურა უახლოეს 10 წელიწადში>>
პროექტის საერთო ღირებულება 2,6 მლრდ ლარია. რიკოთის პროექტებზე ამჟამად დასაქმებულია 4.000-ზე მეტი ადამიანი. დასაქმებულთა დაახლოებით 68% საქართველოს მოქალაქეა.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტი სურამში, შროშასა და ზესტაფონში მაგისტრალის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის საკუთარი ნაწარმის რეალიზაციისთვის სპეციალური სივრცეების მოწყობასაც ითვალისწინებს.
რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E-60) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, მისი თანამედროვე სტანდარტის 4-ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზება გაზრდის გზის გამტარუნარიანობასა და სატრანზიტო ტვირთბრუნვას. გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხი, მგზავრობის დრო საგრძნობლად შემცირდება.
ღარიბაშვილი: „საუკუნის პროექტი” – ევროპის მასშტაბით გამორჩეული>>
ამ დროისათვის რიკოთზე გადაადგილების დასაშვები საშუალო სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაადგილების დასაშვები სიჩქარე გაიზრდება, რიგ მონაკვეთებზე კი თითქმის გაორმაგდება.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.