თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ნებისმიერმა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა, უნდა იაროს სამსახურში და ემსახუროს ხალხს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს. უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის მიზეზი პლენარული სხდომების გაცდენაა.
„ის თითქმის ორი წლის განმავლობაში ერთხელაც არ გამოჩენილა პარლამენტში. უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება დაკავშირებულია იმასთან, რომ დეპუტატმა უნდა იაროს სამსახურში. ეს არის მისი სამსახური – ემსახუროს ხალხს ამ შენობიდან და იაროს სამსახურში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ პარლამენტის წევრმა სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტი არასაპატიო მიზეზით გააცდინა, მას უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტში ვარშალომიძის ადგილმონაცვლე ვერ შევა, რადგანაც ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სია გააუქმა – პარტიის თხოვნის საფუძველზე.
ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში 28 დეპუტატი დარჩება.
დღეისათვის 150-ადგილიან პარლამენტში რეალურად 144 დეპუტატია, აქედან 84 მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრია.