250 კანონპროექტი: დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტმა ანგარიში წარმოადგინა

საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა სხვადასხვა დარგის ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებთან რიგი შეხვედრები გამართა.
Sputnik
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. წელიწად-ნახევრის მანძილზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 250 კანონპროექტი შეიმუშავა და 12 საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა, განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა კომიტეტის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კანონპროექტებზე მუშაობასთან ერთად კომიტეტმა სხვადასხვა დარგის ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებთან 150 შეხვედრა გამართა, რათა პირადად მოესმინა მათი პოზიციები სხვადასხვა კანონის მიმართ და გაეთვალისწინებინა მათი აზრი.

სონღულაშვილის განცხადებით, კომიტეტის მუშაობის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია ცვლილებები „საქართველოს საზღვაო კოდექსში“, კანონები „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, საინვესტიციო ფონდების შესახებ“ და საგადასახადო კოდექსში შესწორებები.

გარდა ამისა, კომიტეტი დაკავებული იყო ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის საკითხებთან დაკავშირებული კანონპროექტებით.