თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისაში მდინარე ძირულას დაბინძურების ფაქტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქმის წარმოება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
11 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც დიდი რაოდენობით დახოცილი თევზი ჩანს.
დეპარტამენტის ცნობით, სოფელ უბისაში დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე ძირულადან აიღეს მდინარის წყლის სინჯები და დახოცილი თევზის ნიმუშები, რომელიც კვლევების მიზნით გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიაში.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულია ბეტონის საწარმო და არ გამოირიცხება – მომხდარი აღნიშნული ობიექტის მხრიდან მდინარის დაბინძურებას უკავშირდებოდეს.
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ დაწყებულია ბეტონის საწარმოს ინსპექტირება“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
ლაბორატორიული კვლევების პასუხების მიღებისა და ინსპექტირების დასრულების შემდეგ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.