კუს ტბის საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

გეგმური სამუშაოების დასრულების შემდეგ საბაგირო მგზავრების გადაყვანას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.
Sputnik
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს შეცვლილი განრიგით მოემსახურება, ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ტექნიკური სამუშაოების გამო კუს ტბის საბაგირო 13 ივლისს მგზავრთა მომსახურებას, 08:00 საათის ნაცვლად, 16:00 საათიდან განაახლებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ბოდიშს უხდის.
კუს ტბა თბილისელებისთვის დასვენებისა და გართობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ტბის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილია სასეირნო ბილიკებით, სპორტული მოედნებით, აქვე ფუნქციონირებს რამდენიმე კაფე და რესტორანი. კუს ტბის ჩრდილოეთ ფერდობზე განთავსებულია ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც საქართველოს მინიატიურული მოდელია. კუს ტბაზე მოხვედრა შეიძლება როგორც ავტომობილით, ისე საბაგირო გზით.