კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა

მკურნალობის პროცესი ძალიან დინამიკურია, ამიტომ აუცილებელია პერიოდულად კვლევების განმეორება, აღნიშნა ექიმმა.
Sputnik
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, აუცილებელია პერიოდულად კვლევების ჩატარება, განუცხადა ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხეიძემ.
სააკაშვილი, რომელიც სასჯელს ორ სისხლის სამართლის საქმეზე იხდის, სამოქალაქო კლინიკაში 12 მაისს გადაიყვანეს. მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და სრულფასოვანი სტაციონარული მკურნალობის აუცილებლობაა.

„რაც საჭიროა, უკვე ყველაფერი აქვს ჩატარებული, სამკურნალო პროცესი არის ძალიან დინამიკური, შესაბამისად, პერიოდულად ხდება საჭირო ამა თუ იმ კვლევის განმეორება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, პერიოდულად საჭიროებს ლაბორატორიული კვლევების განმეორებას“, – აღნიშნა ზურაბ ჩხეიძემ.

ამასთან, ექს-პრეზიდენტის ოჯახი მისი მკურნალობით უკმაყოფილოა. სააკაშვილის დედა გიული ალასანია ამტკიცებს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და მას ისევ აღენიშნება სისუსტე. მისი თქმით, მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის პროცესი უნდა დაჩქარდეს.
იმავდროულად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უცხოელი სპეციალისტების მოწვევის მოთხოვნა არ მიუღიათ.
ოჯახის მიერ ჩართული დამოუკიდებელი ექიმები ზუსტ დიაგნოზს არ ასახელებენ. ნევროლოგ ოთარ თოიძის თქმით, ექსპრეზიდენტს რამდენიმე დაავადება აქვს, რომელთა მკურნალობაც საქართველოში შეუძლებელია.
ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
საერთო ჯამში მას 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.